მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ექვსის მდგომარეობა მძიმეა
11:04, 30 Mar, 2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზაუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე თქმით, მათგან ოთხი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

„ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებული 97 პაციენტიდან ექვსის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, შეიძლება კრიტიკულადაც ჩაითვალოს. ჩვენთან, ამ პაციენტებიდან ოთხი მძიმე ავადმყოფი გვრჩება. ორის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ გუშინ აღვნიშნეთ, რომ დასტაბილურდა. კიდევ თავს ვიკავებთ ვთქვათ, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რადგან დღეს იქნება მეორე დღე მათი მდგომარეობის შეფასებისთვის. როგორც სუბიექტურ-ობიექტური, ისე ლაბორატორიული მონაცემებით, თუ დღევანდელ დღესაც მათი მდგომარეობა ასეთი სტაბილური იქნება, შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ და გამოჯანმრთელების პროგნოზირება შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსის მქონე სამი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ეზუგბაიას განმარტებით, გუშინ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 21 პაციენტის ტესტირება ჩატარდა, მათ შორის გამოიკვლიეს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, რომელთა გამოჯანმრთელებასაც ელოდებოდნენ. თუმცა ეზუგბაიას განცხადებით, მათთან ჯერჯერობით მხოლოდ ვირუსის კონცენტრაციის მკვეთრად შემცირება ფიქსირდება.

„ჩვენს პაციენტებს თვითონვე ვუტარებთ ტესტირებას. ჩვენი ლაბორატორია მუშაობს, როგორც ლუგარის ლაბორატორია, ცხვირ-ხახის ნაცხის ტესტირება პისიარ-კვლევით ჩვენთან ტარდება. ჩვენ ლუგარისგან დამოუკიდებლად ჩვენს პაციენტებს ჩვენ თვითონ ვტესტავთ. გუშინ 21 პაციენტის ტესტირება ჩატარდა, აქედან ნაწილი იყვნენ ჩვენი პაციენტები, რომელთა გამოჯანმრთელებას ველოდებით და გამოჯანმრთელების პირველი პისიარ ტესტირების შედეგები უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, მათთან ჯერჯერობით მხოლოდ კონცენტრაციის მკვეთრად შემცირება დაფიქსირდა. ვნახოთ, დინამიკაში როგორ გაგრძელდება. დანარჩენ პაციენტებთან, იცით, რომ 21-დან ერთ პაციენტთან დადასტურდა. დანარჩენი ყველა იყო უარყოფითი“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დილის მონაცემებით, კორონავირუსზე ტესტი დღეს კიდევ ოთხ პაციენტს ჩაუტარდა.

„დღეს დილით ჯერჯერობით მხოლოდ ოთხ პაციენტზე იქნა ტესტი გამოსაკვლევად აღებული. ვნახოთ, დღის განმავლობაში რამდენი პაციენტი შემოგვემატება და ხვალ დილით მოგახსენებთ ჯამურად, რამდენ პაციენტზე ჩატარდება კვლევა“, - დასძინა ეზუგბაიამ.