გია ვოლსკი - ლუგარის ლაბორატორია ახალი თემა არ არის, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმისა, რასაც რუსეთი ამბობს
12:59, 27 May, 2020
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის საკითხი რუსეთის მხრიდან სპეკულაციის თემაა და არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმისა, რასაც რუსეთი ამბობს.

გია ვოლსკი საქართველოში ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგ განცხადებას გამოეხმაურა.

„ლუგარის ლაბორატორია ახალი თემა არ არის. ჩვენ გვყავდა ლუგარის ლაბორატორიაში მოწვეული ექსპერტები მთელი მსოფლიოდან. რუსეთმა თავი შეიკავა მაშინაც ჩამოსვლაზე და ეს, რასაკვირველია, პოლიტიკური ანგარიშწორებისა და ერთ-ერთი სერიოზული სპეკულაციის თემაა. არც ერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რასაც რუსეთი ამბობს, არ არსებობს, მაგრამ არსებობს რუსეთის საკმაოდ კარგად გათვლილი გეგმა, რომ ჯერ ერთი, თავისი საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს, საქართველოში რაღაც კანონგარეშე ხდება და მეორე, საქართველოშიც მოძებნოს იქნებ დაეჭვებული ადამიანები, რომლებსაც ასევე გაუჩენს წინააღმდეგობის გაწევის სურვილს, რამაც, მათი აზრით, შიდა დაპირისპირებაზე უნდა იმოქმედოს“, - განაცხადა საქართველო პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისი თქმით, ამას საქართველოში არანაირი პერსპექტივა არ აქვს.

„მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ამას რამე პერსპექტივა აქვს, თუმცა რუსეთი ყოველთვის მიგვანიშნებს, რომ ბერკეტების გამოყენება შეუძლიათ ჩვენს წინააღმდეგ. დღესაც ვიწვევთ რუს ექსპერტებს, რომ ჩამოვიდნენ და ლუგარის ლაბორატორიაში ჩაატარონ ნებისმიერი სახის დათვალიერება, რომელიც მათ საჭიროდ მიაჩნიათ. არ ჩამოდიან და ამ არ ჩამოსვლით, თავის პოზიციასაც ამჟღავნებენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.