ირაკლი ხმალაძე - საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარების საკითხს მუნიციპალური სამსახურები და საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს
13:16, 27 May, 2020
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ უდსაფრთხოების მიზნით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გარკვეული შეზღუდვები იქნება. როგორც ირაკლი ხმალაძე განმარტავს, ავტობუსებში მძღოლთან იქნება ბარიერი, ასევე მოხდება პირბადეების ტარების კუთხით კონტროლი.

„29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი იწყებს მუშაობას. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად იმ რეჟიმში არ იმუშავებს, როგორც მუშაობდა, ვთქვათ იანვარში ან გასულ წელს. შეზღუდვები იქნება. მაგალითად, მძღოლის ბარიერი იქნება, რათა მძღოლი იყოს დაცული, პირბადეები იქნება მოთხოვნილი და ამის კონტროლს გააკეთებენ მუნიციპალური სამსახურები. ასევე საპატრულო პოლიციის დანაყოფები დაგვეხმარებიან განსაკუთრებით მეტროს შემთხვევაში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც შიგნით ტრანსპორტში, ასევე მოხდება გაჩერებებიდან გაკონტროლება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე ინფორმაციით, შესაძლოა, მოხდეს გარკვეული რაოდენობრივი კონტროლი, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება.

„შეიძლება, მოგვიწიოს გარკვეული რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რათა არ მოხდეს გადავსება საზოგადოებრივი ტრანსპორტის. მაგალითად, მიკროავტობუსების შემთხვევაში ფეხზე დგომა რომ არ დავუშვათ. რადგან სხვა შემთხვევაში შესაძლოა, ისევ მძიმე სურათი მივიღოთ. ერთადერთი რაც შემიძლია ახლა გითხრათ არის ის, რომ იგივე რეჟიმში, როგორც ეს იყო იანვარში, სრული გახსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირველ ეტაპზე ნამდვილად არ მოხდება. რაოდენობრივად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდება და რეჟიმი იქნება იგივე. ჩვენ დღეს ვართ ისეთ მოცემულობაში რომ საერთოდ არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჩვენი მთლიანი ავტოპარკი გავა სერვისში და მოემსახურება მოქალაქეებს, თუ ამან განაპირობა გარკვეული შეზღუდვა და ვიღაცა ვერ გადაადგილდა, ეს, რა თქმა უნდა, მისთვის დისკომფორტია, მაგრამ ისევ და ისევ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ხდება ჩვენივე მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი 29 მაისიდან ამუშავდება.