გიორგი გახარია - შეჩერების ეტაპზე ძირითადი ამოცანა იყო იმპორტირებულ ვირუსთან გამკლავება, სასაზღვრო კონტროლი, ჯანდაცვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრების სწრაფი მოქმედება
13:25, 27 May, 2020
პრევენციული ღონისძიებების გატარების ნაწილში, ჩვენ გარკვეული, წინასწარ გადადგმული ნაბიჯების შემდგომ დავინახეთ, რომ ეს არ იქნებოდა საკმარისი და მოგვიწია უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმა, როგორიც იყო კონკრეტული მაღალი რისკის ქვეყნებიდან მოგზაურობების დახურვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშს წარადგენს.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, უპირველესად შეჩერდა ფრენები ჩინეთთან.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შევაჩერეთ ფრენები ჩინეთიდან და ეს იყო 29 იანვარს. 24 თებერვალს შევაჩერეთ ფრენები ირანიდან, 6 მარტიდან იტალიიდან და შემდეგ უკვე მოგვიწია საზღვრის გადაკეტვა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. 21 თებერვალი იყო ის დღე, როდესაც ჩვენ ორგანიზებულად პირველად დავიწყეთ ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა საჰაერო გზით და პირველი ქვეყანა იყო ჩინეთი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

​როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვირუსის გავრცელების გეოგრაფიაზე დაკვირვებით, თვალსაჩინო იყო, რომ ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც პანდემიური აფეთქება დაიწყო საქართველოს ჰქონდა საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკური და ლოგისტიკური კავშირები, რაც ამ ქვეყნებთან მიმოსვლის რეჟიმის გამკაცრების საფუძველი გახდა.

„როდესაც პანდემიასთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რო, გარკვეული ნაბიჯები პროაქტიურად გადავდგით, ამას ჰქონდა თავისი ახსნა. როდესაც პანდემიის გავრცელების გეოგრაფიას ვუყურებდით ვხედავდით, რომ ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც პანდემიური აფეთქება იყო, ჩვენ გვქონდა საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკური და ლოგისტიკური ტრაფიკი. პირველ რიგში, ეს იყო ჩინეთი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო და უფრო იზრდება, შემდგომ ეს გახლავთ ირანი, სადაც მიმოსვლა იყო, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე აზერბაიჯანის გავლით საკმაოდ მაღალი ტრაფიკი გვქონდა, შემდეგ ეს იყო იტალია, სადაც ბევრი მოქალაქე როგორც მოგზაურობდა, ისე შრომობდა და აქაც სერიოზული ზემოქმედება იქნებოდა. შემდეგ ეს იყო საფრანგეთი, ესპანეთი. ტრაფიკის თვალსაზრისით, ყველა ის აქტიური ქვეყანა იყო მაღალი რისკის წინაშე და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილებები, ადრევე, რომ ამ ქვეყნებთან მიმოსვლის რეჟიმი გაგვემკაცრებინა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო პირველი - შეჩერების ეტაპი, და მისი ძირითადი ამოცანა იყო იმპორტირებულ ვირუსთან გამკლავება.

„ეს გახლდათ პირველი ეტაპი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ შეჩერებას და ამის ძირითადი ამოცანა იყო იმპორტირებულ ვირუსთან გამკლავება. ჩვენი ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო სასაზღვრო კონტროლი და ჯანდაცვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სწრაფი და ეფექტური მოქმედება“, - აღნიშნა პრემიერმა.