9 აგვისტოს სოფელ ზემო აკეთში ​ცნობილი გურული მომღერლების, ხუხუნაიშვილებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
21:01, 05 Aug, 2020
9 აგვისტოს სოფელ ზემო აკეთში ​ცნობილი გურული მომღერლების, ხუხუნაიშვილებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო აკეთში ივნის–ივლისი საექსპედიციო ჯგუფმა, ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელის, დათო ცინცაძისა და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სკოლის ხელმძღვანელის, ავთანდილ თურქიას ხელმძღეობით, აკეთის თემის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე ცნობილი მომღერლების საფლავები აღმოაჩინა. ექსპედიტორებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, რესტავრაციაში ჩაერთო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი და მერი ალექსანდრე სარიშვილი.

დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების ექვსი საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი მზად არის რესტავრაციის დასაწყებად.

9 აგვისტოს რესტავრირებულ საფლავებსა და რესტავრაციის პროცესში მყოფ ტაძარს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ანზორ ერქომაიშვილთან და კულტურის გამოჩენილ წარმომადგენლებთან ერთად მოინახულებს.​ აკეთს ეწვევიან თემურ ჭკუასელი, დავით ევგენიძე, ანსამბლი „რუსთავი“, ანსამბლი „შავნაბადა“, თამარ ჭოხონელიძე, გია ბაღაშვილი, მიქაბერიძეების ოჯახი, მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან წურწუმია, მალხაზ ერქვანიძე, თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი გოგი მარგველაშვილი, დეკანი გიორი შალუტაშვილი, რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი, ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, საქართველოს პირველი არხის ხელმძღვანელობა, კულტურის სხვადასხვა წარმომადგენელი და ა.შ.

სახალხო ზეიმი წირვით დაიწყება, რომელსაც პრეზიდენტი დაესწრება და მსახურებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მგალობელთა გუნდები.

წირვის შემდეგ, სტუმრები ხუხუნაიშვილების საფლავებს და წმ. გიორგის სახელობის ტაძარს მოინახულებენ.

მიღების მეორე ნაწილი, 15:30 საათიდან აკეთში, მაცხოვრის სახელობის ტაძრის ეზოში საკონცერტო ფორმატით და კულტურული ნიმუშების წარდგენით გაგრძელდება, სადაც დასწრება ყველასთვის შესაძლებელია.

ღონისძიების მთავარი მედია მხარდამჭერია საქართველოს პირველი არხი.