პენტაგონში უარყოფენ ინფორმაციას, რომ აშშ-ს სამხედრო ბაზის თურქეთიდან საბერძნეთში გადატანა სურს
09:41, 16 Sep, 2020
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში უარყოფენ ინფორმაციას, რომ აშშ-ს სამხედრო ბაზის თურქეთიდან საბერძნეთში გადატანა სურს. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

პენტაგონის პრესსპიკერის, ლეიტენანტ-პოლკოვნიკ ტომას კემპბელის განცხადებით, აშშ ინჯირლიკის ავიაბაზიდან სამხედრო ინფრასტრუქტურის გატანას არ გეგმავს.

მანამდე ამერიკელმა სენატორმა, რონ ჯონსონმა გამოცემა, „ვაშინგტონ იგზამინერს“ განუცხადა, რომ აშშ სამხედრო-საზღვაო ბაზას საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე აშენებს.

„აშშ ინჯირლიკის საჰაერო ბაზაზე ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა თურქეთის მთავრობის მოწვევით და იქ ჩვენი მუდმივი ყოფნა აჩვენებს აშშ-სა და ნატო-ს მოკავშირე თურქეთს შორის მიმდინარე და მტკიცე ურთიერთობას“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.