გიორგი გახარია - საქართველომ შეძლო მწვანე ქვეყნის სტატუსის მოპოვება და საერთაშორისო არენაზე დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა
10:56, 16 Sep, 2020
საქართველომ შეძლო მწვანე ქვეყნის სტატუსის მოპოვება და საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა დღეს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, პოსტკრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის იქცეს შესაძლებლობად.

„პოსტკრიზისულ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოსთვის სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია იქნება და ჩვენი სურვილია, ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც გვაძლევს ტურისტულ სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება. ჩვენ ვფიქრობთ, ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და გვინდა, ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის ვაქციოთ შესაძლებლობად. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს და ღონისძიება წარმატებით ჩაივლის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.