ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას ხვალ ელოდებიან
17:54, 24 Sep, 2020
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან შესაძლოა, ხვალ გაათავისუფლებენ.

აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააჟღერა.

დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლება. ანთაძის განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი იყო ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზთან ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახლებაზე.

„გვაქვს პოზიტიური სიგნალი ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით. ეს არის შედეგი იმ დიდი მუშაობის, რაც გასწიეს საერთაშორისო პარტნიორებმა და ამ პროცესში ჩართულმა ყველა უწყებამ. ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას ველოდებით ხვალ. გრძელდება მუშაობა, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე შემჭიდროვებულ ვადებში დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს. მოვითხოვეთ ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სამედიცინო პროცედურებზე ინფორმაციის მიღება. მივიღეთ განმარტება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და შეესაბამება მიღებულ ჭრილობას. როდესაც ვისხედით კარავში, გადაგვიფრინა ვერტმფრენმა. ეს არის უკიდურესად დესტრუქციული ქმედება, რომელიც აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და ნეგატიურად მოქმედებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობაზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იყო კარავში და მას ადგილზევე მიეწოდა ინფორმაცია, მათ თვალნათლივ დაინახეს ეს ფაქტი. შეხვედრაზე მოვითხოვეთ ასევე სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დევნის შეწყვეტა. შეხვედრაზე შევეხეთ ბოლო პერიოდში განახლებულ ბორდერიზაციის პროცესს და მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის ფაქტებს“, - განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, 3 ივლისს დააკავეს.