გიგი წერეთელი - კმაყოფილი მთავრობა ქვეყანას არ სჭირდება, ქვეყანას სჭირდება კმაყოფილი ხალხი
18:29, 24 Sep, 2020
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ზესტაფონის მოსახლეობას ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი წერეთელი წარუდგინა.

გიგი წერეთლის თქმით, დღეს ადამიანებს აქვთ მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, გაჭირვება და უიმედობა. წერეთელმა აღნიშნა, რომ ამ პრობლემების მოგვარებას გარდამტეხი ცვლილებები და სწორი მიმართულების კომპასი სჭირდება, რათა ოთხი წლის შემდეგაც ამ ადამიანებს აღარ მოუწიოთ ამ პრობლემებზე საუბარი.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ის გამოიყენებს საკუთარ ცოდნას, ენერგიასა და კომპეტენციას, რათა როგორც ამ რეგიონში, ისე მთლიან საქართველოში, თითოეული ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდეს.

„დღეს მე ვხედავ პრობლემებით გატანჯულ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ყოველდღიური საზრუნავი, როგორ გამოკვებონ საკუთარი შვილები და როგორ აღზარდონ ისინი. დღეს არის მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები, ამას კი სჭირდება სწორი მიმართულება და გარდამტეხი ცვლილებები, რათა ოთხი წლის შემდეგ აღარ მოგვიწიოს ამ პრობლემებზე საუბარი.

ეს გაჭირვება ჩვენ გვამძიმებს, თუმცა გვაძლევს მეტ მოტივაციას, შევცვალოთ ეს მძიმე ვითარება, აღარ იყოს სიღარიბე, კორუფცია, კრიმინალი. ქვეყანას კმაყოფილი მთავრობა კი არა, კმაყოფილი ხალხი სჭირდება.
სასამართლო რეფორმით, გადასახადების დაწევით, ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებით, სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწის ხალხისთვის გადაცემით შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, შემოვა ინვესტიციები, და ყოველ ადამიანს ექნება მეტი კეთილდღეობა.

მე მთელ ჩემს ენერგიას, გამოცდილებას, კომპეტენციას, თქვენი დახმარებით, გამოვიყენებ იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდეს ამ რეგიონში“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.