„დილა“ გალიდერდა - კოვტალიუკი ბომბარდირებში დაწინაურდა, ჭანტურიამ დებიუტი გოლით აღნიშნა
21:56, 17 Oct, 2020
ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-13 ტურის მეორე შეხვედრას გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენამ“ უმასპინძლა - გათამაშების ერთ-ერთმ ალიდერმა „დილამ“ აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ საჩხერეს „ჩიხურას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა.

გორელები მოედანზე გიორგი ნემსაძემ გაიყვანა, რომელსაც გუნდიდან წასვლა სურდა, მაგრამ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.

„დილა“ პირველივე წუთებიდან უპირატესობას დაეუფლა და მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა - ალეფ სანტოსის გადაცემით საჩხერელთა კარგი ნიკა გაგნიძემ აიღო. მე-13 წუთზე სტუმართა თავდამსხმელის, ალან მისტულოვის წაქცევისთვის სტუმრები პენალტს სამართლიანად ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა თამაში გააგრძელა.

გორელები მიღწეულს არ დაკმაყოფილდნენ და 33-ე წუთზე უპირატესობა გაზარდეს - მეკარის მოგრიებული ბურთი კარის წინ მდგომ მიკოლა კოვტალიუკს მიუგორდა და ზუსტად დაარტყა 2:0.

კოვტალიუკს და გაგნიძეს პირველ ტაიმში დუბლის შესრულება შეეძლოთ, მაგრამ რეალური საგოლე მომენტებით ვერ ისარგებლეს. თუმცა, ეს გორელთა უკრაინელმა თავდამსხმელმა მე-60 წუთზე მოახერხა და ანგარიში 3:0 გახდა. მიმდინარე სეზონში კოვტალიუკმა 8 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. საინტერესო ფაქტია - კოვტალიუკმა საჩხერელებს უკვე მეშვიდედ გაუტანა - 1 ფოთის „კოლხეთის“ შემადგენლობაში, ხოლო 6 - „დილას“ ფორმით.

66-ე წუთზე „ჩიხურას“ კარი უკვე გორელთა მალაველმა ლეგიონერმა ფრანცისკო მადინგამ აიღო- აღსანიშნავია, რომ საგოლე გადაცემა კოვტალიუკმა შეასრულა. საჩხერელებმა 73-ე წუთზე პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს - დავით მუჯირი უმცროსის გადაცემით გოლი ლუკა კიკაბიძემ გაიტანა 4:1.

მატჩი ამით არ დასრულებულა. გორის „დილაში“ დებიუტი გოლით მოედანზე 8 წუთის გასულმა რომან ჭანტურიამ 89-ე წუთზე აღნიშნა, ხოლო ორ წუთში ნუგზარ სპანდერაშვილმა პენალტი უნაკლოდ შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 6:1 „დილას“ სასარგებლოდ.

„დილამ“ 13 ტურის შემდეგ 23 ქულით ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ დაეწია. თუმცა, ბათუმელებს თამაში აქვთ ჩასატარებელი, ხოლო „დინამო თბილისსა“ (22 ქულა) და „საბურთალოს“ 2 მატჩით ნაკლები აქვთ გამართული. რაც შეეხება საჩხერის „ჩიხურას“, გუნდი 6 ქულით კვლავ ბოლოსწინა მე-9 პოზიციაზეა და ჩემპიონატის დარულებამდე 5 ტურით ადრე უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.