მადრიდის საჩოგბურთო კომპლექსს ნადალის სახელს დაარქმევენ
23:36, 28 Oct, 2020
ერთ-ერთი ესპანური პოლიტიკური პარტიის წევრები გამოვიდნენ წინადადებით - მადრიდში სპორტულ კომპლექს „კახა მახიკას“ მიენიჭოს მსოფლიოს მეორე ჩოგანის, „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონის რაფაელ ნადალის სახელი. ამ არენაზე ესპანეთის ნაკრები დევისის თასის მატჩებს ატარებს და იგეგმება, რომ მისი ახალი სახელი იქნება - Caja Magica Rafa Nadal.

„ეს არის ესპანეთში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჩატარების ადგილი. ნადალს უკვე მიღებული აქვს 2007 წელს მადრიდული თანამეგობრობის ოქროს მედალი. მაგრამ მიგვაჩნია, რომ მოვიდა დრო - გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი. ამასთან, თავად რაფაელმა განაცხადა, რომ არ სურს კომპლექსს სახელი შეეცვალოს, სანამ ის მოქმედი სპორტსმენია. თუმცა, წინააღმდეგი არ არის, რომ ეს მისი კარიერის დასრულების შემდეგ გაკეთდეს“, - განაცხადა მადრიდის მუნიციპალური საბჭოს წევრმა ფერნანდო მარტინეს ვიდალმა.

„კახა მახიკას“ არენაზე მადრიდის „მასტერსი“ იმართება, რომელიც ნადალს ყველაზე მეტჯერ - ხუთჯერ აქვს მოგებული.