დომინიკ ტიმმა ჯოკოვიჩი დაამარცხა და წლის შემაჯამებელი ტურნირის პირველი ფინალისტი გახდა
21:33, 21 Nov, 2020
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) წლის შემაჯამებელ ტურნირზე პირველი ფინალისტი გაირკვა. მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა თითქმის სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ 7:5, 6:7(10), 7:6(5) დაამარცხა რეიტინგის ლიდერი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ჩოგბურთელებმა წლის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და საუკეთესო მატჩი ითამაშეს.

თანაბარ პირველ სეტში ტიმს ჰქონდა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი, რომელიც მე-11 გეიმში მოიპოვა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. ამის შემდეგ, მატჩში ბრეიკები არ დაფიქსირებულა.

ჯოკოვიჩმა მხოლოდ მეორე სეტის მეორე ნაწილში მოიპოვა ინიციატივა. სერბმა სამი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, აქედან ორი სეტბოლი იყო, მაგრამ ტიმმა ეს საფრთხეები მოიგერია და საჭირო გახდა ტაი-ბრეიკის ჩატარება. მეორე სეტის მე-13 გეიმი მატჩის ყველაზე დაძაბული მონაკვეთი იყო: ავსტრიელმა ოთხი მატჩბოლი მოიპოვა, აქედან ორ მატჩბოლზე თავად იყო მოწოდებაზე, მაგრამ ჯოკოვიჩი არ დანებდა და თავად რიგით მეოთხე სეტბოლზე შეძლო სეტებში ანგარიშის გათანაბრება.

ამ დაძაბული ტაი-ბრეიკის მოგებამ სერბს არ მოუტანა ფსიქოლოგიური უპირატესობა. ტიმი არ გატყდა და კორტზე ისევ თანაბარი თამაში გაგრძელდა. ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკამდე ისე მივიდნენ, რომ ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონიათ. მატჩში მეორე მე-13 გეიმი ასევე დრამატული გამოდგა. ჯოკოვიჩს სეზონში 16-დან 15 ტაი-ბრეიკი ჰქონდა მოგებული, ამიტომაც, ფინალში გასვლის უფრო მაღალი შანსი ჰქონდა, მით უმეტეს, ნოვაკმა 4:0 წაიყვანა ანგარიში და თითქოს მიუახლოვდა გადამწყვეტ მატჩს, მაგრამ ავსტრიელმა ზედიზედ ექვსი (!) აღებული ქულით უპასუხა და ორმაგი მატჩბოლი მოიპოვა. ამჯერად, ტიმმა შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და ზედიზედ მეორედ გავიდა წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში. დომინიკისთვის ეს იყო პროფესიულ ტურში მე-300 გამარჯვება.

ავსტრიელმა რევანში აუღო სერბს წელს, იანვარში ავსტრალიის ღიას ფინალის ხუთ სეტში წაგების გამო.

ტიმის მეტოქე გაირკვევა მეორე ნახევარფინალში, რომელშიც რუსი დანიილ მედვედევი ესპანელ რაფაელ ნადალს შეხვდება.