„საბურთალომ“ მოუგებელი სერია შეწყვიტა
23:16, 21 Nov, 2020
ეროვნულ ლიგაში მე-16 ტურის შეხვედრები გაიმართა და სტუმრად ერთმა გუნდმაც ვერ მოიგო.

თელავის „კავკასიონი არენაზე“ „თელავმა“ თბილიის „ლოკომოტივს“ უმასპინლა და ქულას დასჯერდა. ანგარიში პირველ ტაიმში ბექა დარცმელიას პასით ირაკლი სიხარულიძემ მე-14 წუთზე გახსნა. მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ცოტნე მოსიაშვილმა თბილისელთა კარში დანიშნული პენალტი 48-ე წუთზე გამოიყენა და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.

დედაქალაქურმა „საბურთალომ” კი ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში თბილისური გუნდი ქუთაისის „ტორპედოს” დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. მასპინძლებს სამი ქულა 19 წლის გიორგი გულიაშვილმა მოუტანა - ეს იყო ახალ გუნდში ლევან კორღალიძის პირველი გამარჯვება, რომელიც „საბურთალოს” მთავარ მწვრთნელად თვენახევრის წინ დაინიშნა.

16 ტურის შემდეგ გათამაშებას „დინამო თბილისი“ ლიდერობს (31), მეორეზე ბათუმის „დინამოა“ (29), „საბურთალომ“ 24 ქულა დააგროვა, ისევე როგორც გორის „დილამ“, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მეტოქე ასწრებს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მას ერთი ქულით და ადგილით ჩამორჩება „ლოკომოტივი“ (23 ქულა), „თელავი“ (20 ქულა) ცხრილში მეექვსე პოზიციაზეა, ხოლო „ტორპედო“ (16 ქულა) - მერვეზე.