გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან პროპაგანდის ამოცანაა, ელისაშვილებისა და ხვიჩიების გამოყენებით, რაღაც ბზარი დახატონ ოპოზიციაში, რომელიც რეალურად არ არსებობს
23:56, 18 Jan, 2021
როცა იწყება ტალახის სროლა უბინძურესი მოგონილი ცილისწამებით, დიახ ეს არის ივანიშვილის რეჟიმის თამაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ განცხადებებზე კომენტირებისას განაცხადა.

„მგონი, არც მათ განუხილავთ და არც ჩვენ განვიხილავთ საერთოდ იმ ფონზე, როდესაც ისინი აწარმოებენ კამპანიას მთლიანად ოპოზიციის წინააღმდეგ, უბინძურესი ბრალდებებით ივანიშვილის პროპაგანდის ერთ სულს და ერთ ხორცს, მე ვერ წარმომიდგენია ეს. კლასიკური მაგალითია, უბრალოდ, რასაც გინდა, იმას იტყვი, ნებისმიერ სიბინძურეს დააბრალებ ნებისმიერ ადამიანს და მერე ამაზე იქნება მსჯელობა. ამ პროპაგანდის ამოცანა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, აი, ამ ელისაშვილებისა და ხვიჩიების გამოყენებით ესეც არის, რომ რაღაც იმ ტიპის ბზარი დახატონ ოპოზიციაში, რომელიც რეალურად არ არსებობს“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ოპოზიციის უმეტესი ნაწილის პოზიცია უცვლელია.

„ოპოზიციის 90 პროცენტზე მეტი არის იმავე პოზიციაზე, რომელზეც იყო, რომ უბრალოდ ცუდი არჩევნები კი არ იყო, არჩევნებზე ივანიშვილის რეჟიმს არ მიუღია ხალხის მანდატი და ამიტომ ვადამდელი არჩევნებია ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან. ამ პოზიციიდან გადაუხვია რამოდენიმე ადამიანმა და ახლა მათ დაიწყეს კამპანია მთლიანად ოპოზიციის წინააღმდეგ. ამას იყენებს ივანიშვილის რეჟიმი, ანუ მოლაპარაკებები კი არ არის პრობლემა, მაგრამ როცა იწყება ტალახის სროლა უბინძურესი მოგონილი ცილისწამებით, დიახ ეს არის ივანიშვილის რეჟიმის თამაში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.


„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებენ, რომ გიორგი ვაშაძე მათთან შეხვედრაზე თანახმა იყო, თუმცა დღეს პოზიცია შეცვალა და შეხვედრაზე უარს აცხადებს.