აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა სენატორის მანდატი დატოვა
01:32, 19 Jan, 2021
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა კალიფორნიის შტატიდან სენატორის მანდატი ოფიციალურად დატოვა. „სიენენის“ ინფორმაციით, კამალა ჰარისს ალექს პადილა ჩაანაცვლებს, რომელიც კალიფორნიის გუბერნატორმა სენატს უკვე წარუდგინა.

კამალა ჰარისმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის კალიფორნიის შტატის მოსახლეობას მადლობას უხდის.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო, მემსახურა გუნდთან ერთად, რომელიც ასე დაუღალავად მუშაობდა“, - განაცხადა ჰარისმა. ვიდეომიმართვაში მან განვლილი ოთხი წელი შეაჯამა.

ვაშინგტონში, 20 იანვარს, ინაუგურაციის ცერემონიაზე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ფიცს საზეიმოდ დადებენ. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია უპრეცედენტოდ გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების ფონზე გაიმართება.