შალვა ნათელაშვილი - ვინმეს თუ პარლამენტში შესვლა უნდა, არავინ იჭერს, მაგრამ როგორ შეიძლება, სატყუარაში გაებას ისეთი გამოცდილი კოლეგა და ოპოზიციონერი, როგორიც ბადრი ჯაფარიძეა
14:21, 06 Mar, 2021
პლებისციტზე ახლა ხელისუფლებას ვეხვეწოთ, ნიშნავს სრულ კაპიტულაციას. ეს არის სრული კაპიტულაცია ოპოზიციის მხრიდან და ეს გახლავთ ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალება. ვიმეორებ, თუ ვინმეს პარლამენტში შესვლა უნდა, არავინ იჭერს, აგერ შევიდნენ და რა გამოიტანეს, ჩვენც ვნახეთ და თვითონაც ნახავენ, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პლებისციტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მას არ ჰგონია, „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს სერიოზულად ეთქვას, რომ პლებისციტზე შეთანხმების შემთხვევაში, „ლელო“ პარლამენტში შევა და დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

„ალბათ კარგად აღარ ახსოვთ კოლეგებს, ჟურნალისტებს, რომ პლებისციტზე პირველი უარყოფითი განცხადება გავაკეთეთ ჩვენ და სახვა პოლიტიკურმა პარტიებმა ჯერ კიდევ ნოემბერ- დეკემბერში. ეს საკითხი აქტუალურ პარამეტრებში არ დადგა, არ გამოიწვია ინტერესი და არ ყოფილა სტრატეგიული არჩევანი. ყველანი ვხედავდით, რომ პლებისციტი მისი განხორციელების შემთხვევაშიც იყო აბსოლუტურად დამაზიანებელი მეთოდიკა კრიზისიდან გამოსვლისა, ამიტომ არც მის ინიციატორებს არ მოუკლავთ თავი მის ფართო რეალიზაციაზე და ჩვენც მოვერიდეთ კოლეგებს შორის პოლემიკას. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა და რეჟიმმა განგვიცხადა, რომ არავითარი ახალი არჩევნები არ იქნება, მას შემდეგ, რაც შეიკრიბა ერთპარტიული პარლამენტი, რაც უარი განგვიცხადა, შეეწყვიტა ჩვენთვის სადეპუტატო უფლებამოსილებანი, რის თაობაზეც განცხადებები დაწერილი გვქონდა, ანუ ძალადობა დაიწყეს, შემდეგში ძალადობა დააგვირგვინეს იმით, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია საკუთარ ოფისში სტურმით დაიჭირეს, პლებისციტზე ხელისუფლებას ვეხვეწოთ, ნიშნავს სრულ კაპიტულაციას. ეს არის სრული კაპიტულაცია ოპოზიციის მხრიდან და ეს გახლავთ ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალება. ვიმეორებ, თუ ვინმეს პარლამენტში შესვლა უნდა, არავინ იჭერს, აგერ შევიდნენ და რა გამოიტანეს, ჩვენც ვნახეთ და თვითონაც ნახავენ.

თავად საგამოძიებო კომისიის იდეა, ინსტიტუტი არის ივანიშვილის კრიმინალურ ტვინში მოხარშული და გადახარშული ვოლსკის ნარკოტიკულ ტვინში. როგორ შეიძლება, აი, ამ სატყუარაში, ბადეში გაებას ისეთი გამოცდილი კოლეგა და ოპოზიციონერი, როგორიც გახლავთ ბატონი ბადრი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ხელი, პირველი პარლამენტის წევრი გახლდათ. არ მგონია, სერიოზულად ეთქვა, ალბათ იხუმრა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტზე შეთანხმების შემთხვევაში, „ლელო“ პარლამენტში შევა და დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.