კანკავამ ფრანგი გულშემატკივრებიც მოხიბლა - ქართველი თებერვალში „ვალანსიენის“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს #1TVSPORT
14:32, 06 Mar, 2021
ჯაბა კანკავა თებერვალში „ვალანსიენის“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს - გამოკითხვას კლუბის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელებში აწარმოებდა და როგორც გაირკვა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

„კანკავამ დებატები თვის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში სწრაფად დაასრულა. ჩვენი გუნდის ქართველი ნახევარმცველი გულშემატკივრებმა თებერვლის თასის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს“, - წერია „ვალანსიენის“ „ტვიტერის“ გვერდზე.

https://twitter.com/VAFC/status/1367394076719464448

ჯაბა კანკავა „ვალანსიენში“ წელს, 16 იანვარს ჩაირიცხა და კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. მან ფრანგული კლუბის ფორმით უკვე 8 მატჩი ჩაატარა და ყველა - შეუცვლელად. კანკავამ მებრძოლი ხასიათით გუნდის გულშემატკივრების გულის მოგება სწრაფად მოახერხა.

34 წლის საყრდენი ნახევარმცველი ეროვნული ნაკრების ამჟამინდელ შემადგენლობაში რეკორდსმენია. კანკავა „ჯვაროსნების“ ფორმით 2004 წლიდან თამაშობს. ამ 17 წლის განმავლობაში ჯაბამ ნაკრებში 89 მატჩი ჩაატარა და 100-იანთა კლუბამდე (ეს ზღვარი მხოლოდ ლევან კობიაშვილმა გადალახა) 11 მატჩი აშორებს.