ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში ირანულ გემს თავს დაესხნენ
23:14, 07 Apr, 2021
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ წითელ ზღვაში ირანულ გემს „სავიზს“ თავს დაესხნენ. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხომალდს მაგნიტური ნაღმი მოხვდა.

ირანის საგარეო უწყების ცნობით, აფეთქება 6 აპრილს, დილით ჯიბუტის სანაპიროსთან მოხდა და ხომალდის მცირე დაზიანება გამოიწვია, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„ეს იყო სამოქალაქო ხომალდი, რომელიც იქ რეგიონის მეკობრეებისგან დასაცავად არის განთავსებული“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, საიდ ხათიბზადემ.

მისი თქმით, მიმდინარეობს მომხდარზე გამოძიება.

თებერვლის შემდეგ, რეგიონში ისრაელის ან ირანის კუთვნილ ხომალდებზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.