იაგო კაჭკაჭიშვილი - ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ოპოზიციას ლამის უპირობოდ მოუწოდებს, შევიდეს პარლამენტში
23:35, 07 Apr, 2021
დავით ბაქრაძის ასეთი პოპულარობის საიდუმლო ალბათ, მის რბილ ხასიათშია, - ამის შესახებ სოციოლოგმა, პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“  განაცხადა, რითაც IRI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დავით ბაქრაძისადმი მოსახლეობის განწყობას ის განაპირობებს, რომ ის ყოველთვის მედიატორის როლს თამაშობს.

„დავით ბაქრაძის ასეთი პოპულარობის საიდუმლო ალბათ, მის რბილ ხასიათშია, მის ლტოლვაში თუ მისწრაფებაში, რომ დაპირისპირებული პოზიციები დააბალანსოს. ის რაღაცნაირად, ყოველთვის მედიატორის როლს თამაშობს და თან ცდილობს, ყველაზე მწვავე და მკვახე შეფასებები პოლიტკორექტულად და დიპლომატიური ენით შეფუთოს. ასე რომ, ის მშვიდობიანი პოლიტიკოსია და შესაბამისად, ამომრჩევლებში მის მიმართ ემპათია მაღალია“, - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას რეიტინგთან დაკავშირებით კი კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, რომ ამის მიზეზი გახარიას მიერ დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა. მისივე თქმით, ის ბოლომდე არ შეერწყა „ქართულ ოცნებას“.

„თუნდაც, ხელისუფლების წიაღში, ის მაინც მარტოხელა მონადირის იმიჯით სარგებლობდა. ასე ჩანს. მის რეიტინგში პარტიის რაღაც წილი რასაკვირველია, არის, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ მას პარტიაში ნამდვილად ჰქონდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, დამატებითი ღირებულება, რაც მისი პიროვნული წვლილის დამსახურებაა“, - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას შეუძლია, მაღალი რეიტინგი შეინარჩუნოს, მაგრამ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი იქნება დაბრუნების შემდეგ მისი პოლიტიკური პოზიციონირება საზოგადოებაში.

„გააჩნია, რომ დაბრუნდება, შეინარჩუნებს თუ არა თვითმყოფადობას და ჩამოყალიბდება თუ არა, როგორც ხელისუფლების, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივად. ამ შემთხვევაში მას შეუძლია, მაღალი რეიტინგი შეინარჩუნოს, ხოლო თუ ეს დამოუკიდებლობა ილუზორული და მოჩვენებითია, ცხადია, მისი რეიტინგი დაიწევს“, - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, რომ IRI-ის კვლევაში პარლამენტის ბოიკოტის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება იმან გამოიწვია, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ასევე ახდენს პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ოპოზიციას ლამის უპირობოდ მოუწოდებს, შევიდეს პარლამენტში. ანუ, ინსტიტუციური ბრძოლის ინსტრუმენტი პარლამენტზე გავლით, ან პარლამენტში ბრძოლის ინსტრუმენტი, რომელიც ევროპული ღირებულებებიდან ერთ-ერთი წამყვანია, რაღაცნაირად, გადმოდის ამომრჩევლებზეც და ამან გამოიწვია პარლამენტის ბოიკოტის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება, NDI-ის კვლევასთან შედარებით“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.