ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება
07:32, 08 Apr, 2021
20-21 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს, რომლის გადაწყვეტილებითაც, მიმდინარე წლის 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

სხდომაზე მელიას ადვოკატები შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ, თუმცა მის შინაარსს სასამართლო პროცესამდე არ ახმაურებენ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა დაცვის მხარე მელიას პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენოს, საქართველოს პირველ არხს ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა, რომ „ეს საკითხი სასამართლომ თვითონ უნდა განიხილოს“.

„ვაპირებთ შუამდგომლობის დაყენებას და პროცესზე გაიგებთ, რაზეც ვაპირებთ, დაცვის პოზიციიდან გამომდინარე“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა მიმდინარე წლის 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.

პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც პარლამენტმა მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო და დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები შეუფარდა, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, საჯარო განცხადების გაკეთებისას ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაო არ გადაიხადა.

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.