იაგო ხვიჩია - ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული, საით მიჰყავს ქვეყანა საკუთარი გადაწყვეტილებით, ეს ეხება ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც
01:57, 08 Apr, 2021
ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ჯერ კიდევ არ აქვს მგონი გააზრებული, საით მიჰყავს ქვეყანა საკუთარი გადაწყვეტილებით და ეს ეხება ორივეს, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ევროპარლამენტარების განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

„ევროპარლამენტარების გზავნილები ყურადსაღები იყო ყოველთვის. ჩვენ, მაგალითად, ფაქტობრივად პირველად როდესაც გავიგეთ, რომ ამერიკის ელჩი, ევროკავშირის ელჩი მოგვიწოდებდა, რომ დავფიქრებულიყავით და ასეთი გადაწყვეტილება მიგვეღო, მას შემდეგ სხვანაირად შევხედეთ ბევრ საკითხს. ვფიქრობ, რომ ბევრი დრო გავიდა ამის შემდეგ და ბევრმა ადამიანმა გვითხრა ყველას, რომ ასეთი გზებით სიარული არ შეიძლება. უბრალოდ ცოტათი უხერხულობასაც კი ვგრძნობ, რადგან ჩვენი პოზიციები თითქმის ერთი-ერთში ემთხვევა ჩვენი მეგობრების პოზიციებს. უბრალოდ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ჯერ კიდევ არ აქვს მგონი გააზრებული, საით მიჰყავს ქვეყანა საკუთარი გადაწყვეტილებით და ეს ეხება ორივეს, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

​მისივე თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას შეუძლებელს გახდის.

„ეს, ჩემი აზრით, შეუძლებელს გახდის ჩვენს იქ გაწევრიანებას. დარწმუნებული ვარ, ახლა სერიოზულად არ გვიყურებენ და ეს პროცესი თუ გაგრძელდა 2024 წლამდე, საერთოდ არავინ აღარ შემოგვხედავს არც სერიოზულად და არც არასერიოზულად. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გზავნილები აღსაქმელია იმაზე ბევრად უფრო მეტი სერიოზულობით, ვიდრე აქამდე აღგვიქვამს. თუ რასაკვირველია, ჩვენ გვაღელვებს ამ ქვეყნის დასავლური მომავალი. არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრის დიდ ნაწილს აღელვებს. ასევე დავეთანხმები ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციებს, რომ პარტიული ინტერესები მთელ ამ მოლაპარაკებებში უფრო წინ იდგა,ვიდრე რეალურად ქვეყნის ინტერესები, სამწუხაროდ“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებები „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ონლაინკონფერენციაზე გააკეთეს.

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში ევროკავშირის ჩართულობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის დონეზე, არის ჩართულობის ყველაზე მაღალი დონე, რაც შეიძლება კრიზისის დროს საქართველოს შესთავაზო. მისივე თქმით, „ასე ვერ გაგრძელდება, საქართველო ან მოაგვარებს კრიზისს ევროკავშირის უმაღლესი პირების რჩევით, ან მოუწევს გარკვეული საფასურის გადახდა“.

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის თქმით, ისინი გადავხედავენ საქართველოს ფინანსური დახმარების საკითხს, განვიხილავენ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და რა სახის პირობები დააწესონ. „მე ვუთხარი ოპოზიციას, თუ თქვენ დარჩებით პარლამენტის გარეთ, თუ თქვენ გადაწყვეტთ რევოლუციის გზით სიარულს, ჩვენ დიალოგი ვერ გვექნება, - აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აცხადებს, „კრისტიან დანიელსონი ვერ გადაწყვეტს საქართველოს მომავალს და ქართველი პოლიტიკოსების სახელით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს, ეს უნდა გააკეთონ ქართველებმა“. მისივე თქმით, „ქართველმა ხალხმა სათქმელი თქვა, სამწუხაროა, რომ ყველა პოლიტიკოსმა მანდატი არ აიღო, ჩვენ ვაღიარებთ ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას, რომ საერთო ჯამში არჩევნები იყო დემოკრატიული, წერტილი“.