იაგო ხვიჩია - ნიკა მელიამ უნდა მიიღოს გირაო, რომელიც ევროკავშირმა გადაუხადა, ევროკავშირი გირაოს კრიმინალებს არ უხდის
17:03, 21 Apr, 2021
ნიკა მელიამ გირაო უნდა მიიღოს, რომელიც ევროკავშირმა გადაუხადა, როგორც დასტური იმისა, რომ რასაც ამბობდა, მართალი ყოფილა, რომ ის არ არის კრიმინალი, ევროკავშირი გირაოს კრიმინალებს არ უხდის, - ამის შესახებ საქართველომ პირველ არხს „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

ხვიჩიას თქმით, თუ ნიკა მელია გირაოს გადახდას დათანხმდება, ამნისტიის გამოყენება საჭირო არ გახდება.

„მაშინ, დღის წესრიგში ამნისტის საკითხი არ დადგება, რაც ნიკა მელიას გამო დგას. თუ ასე გამოდიხარ და ადამიანებს ეუბნები, იცი რა, ასე არ მოაგვარო ეს საკითხი, დამოკლეს მახვილივით სულ იყოს გამოკიდებული და პროცესები ჩარჩოს არ დაუბრუნდეს, არ მესმის და სწორი არ არის. ნებისმიერ ადამიანს პატივს ვცემ, ვისაც შეუძლია, იდეის გამო ციხეში თუნდაც ერთი დღე იჯდეს. ეს საპატივცემულო ამბავია, მაგრამ ახლა არის ვითარება, როცა შენი ციხეში ჯდომა იმ საქმეს აფუჭებს, რისთვისაც ერთად ვიბრძვით - პოლიტიკური პროცესები და მისი სტაბილიზაცია. ამიტომ, ნიკა მელიას ციხეში ჯდომა სწორი არ მგონია და მისი ეს ინიციატივა არ მომწონს“, - განაცხადა ხვიჩიამ.