ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, დააკავეს ხუთი პირი, რომლებიც დონბასში პრორუსი მებრძოლების მხარეს იბრძოდნენ
17:33, 21 Apr, 2021
ჩეხეთის პოლიციამ დააკავა ხუთი პირი, რომლებიც დონბასში პრორუსი მებრძოლების მხარეს იბრძოდნენ. ამის შესახებ ჩეხეთის პოლიციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ტერაქტების მოწყობაში, ტერორიზმის დაფინანსებასა და ტერორიზმის მხარდაჭერაში. ამჟამად მიმდინარეობს დაკავებულების დაკითხვა.

„ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული ცენტრი დღეიდან ატარებს სისხლის სამართლებრივ წარმოებას მთელი ჩეხეთის მასშტაბით, რაც ჩეხეთის მოქალაქეების უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კონფლიქტში ჩართულობას და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხარე ბრძოლას უკავშირედება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, ჩეხურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პოლიციამ დააკავა ხუთი პირი, რომელთაც პრაღის საელჩოში მომუშავე რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები მართავდნენ.

ამასთან, ჩეხეთის ოფიციალური პირები უარყოფენ ინფორმაციას, რომ დაკავება ჩეხეთის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების ან ვრბეტიცეში, იარაღის საწყობში მომხდარ აფეთქებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს ჩეხეთმა ქვეყნიდან გააძევა 18 რუსი დიპლომატი. პრაღაში ამტკიცებენ, რომ ისინი რუსული დაზვერვისთვის მუშაობდნენ. მანამდე კი, ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2014 წელს დასახლება ვრბეტიცეში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან დაკავშირებული.