დავით უსუფაშვილი - პოლიტპატიმრების თემის მოსაგვარებლად უკიდურესად აუცილებელი თუ იქნება, მზად ვარ, პარლამენტის შენობაშიც მივიდე
18:09, 21 Apr, 2021
ვინმე თუ ელოდა, რომ ამ დოკუმენტით უცებ ცუდი ხელისუფლება კარგით შეიცვლებოდა, „ოცნება“ გადასხვაფერდებოდა ან დატოვებდა სამუშაო ოთახებს, ცხადია, ეს იყო მიამიტობა, - განაცხადა „ლელოს“ საარჩევნო სიის მესამე ნომერმა, დავით უსუფაშვილმა, რომელმაც დღეს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

უსუფაშვილის თქმით, ნიკა მელია გარკვეული ბარიერების გადალახვის შემდეგ გათავისუფლდება.

„ყველა თანხმდება - ევროპაც, ამერიკაც, მმართველი პარტიაც და ცხადია, ოპოზიციაც, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს; ეს წერია დოკუმენტში, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ასეთ მაღალ დონეზე დოკუმენტშია დაფიქსირებული ის ორი საქმე, რომელსაც უნდა მოევლოს - პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ბუნებრივია, იქნება გარკვეული პრობლემები და ბარიერები გათავისუფლების ამ გზაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, წინ გადავდგამთ ნაბიჯებს. კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის არაფრის დასასრული, ეს არის სერიოზული შრომისა და მუშაობის დასაწყისი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, უსუფაშვილმა ისაუბრა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიაზეც.

„ნებისმიერი ნაბიჯი უნდა იყოს დასაბუთებული. ამ დოკუმენტიდან გამომდინარე ვამბობ, რომ არის საკმაოდ მოქნილი ჩანაწერი, სხვადასხვა გზებით შეიძლება, მიღწეული იყოს პოლიტიკურად დევნილი კონკრეტული პირების გათავისუფლება; ამნისტია მოხსენიებულია, როგორც ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი; ამნისტია არსებობს ძალიან ბევრნაირი; შეიძლება, შეეხოს ერთ მუხლს, შეიძლება შეეხოს ორს, შეიძლება შეეხოს მის ნაწილს. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა იყოს გონივრული. მთავარი ისაა, რომ ამ შეთანხმების შესრულების სულისკვეთებით ვიყოთ განმსჭვალული. რეალური არსი ისაა, რომ ეს ხალხი უნდა იყოს გარეთ. ახლა ამ კონკრეტულ ამბავში ძალიან სერიოზული მოთმინება გვჭირდება და ნერვების დამშვიდება, ისე რომ არ მოხდეს, ვინც შეთანხმების დადებით და მისი შესრულებით არ არის დაინტერესებული, მას მიეცეს საბაბი, ხელზე დაიხვიოს და ჩვენ ამას მოვახერხებთ“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

ამასთან, უსუფაშვილმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ როდის შევა პარლამენტში.

„ეს თემა ძალიან საინტერესოა. ასე დამკვიდრდა, თითქოს სადღაც შევდივარ. არსად არ შევდივარ, მე იქიდან ვერ გამოვედი, ანუ პარლამენტის წევრები დღესაც ყველას ჰქვია არჩეულებს. რაც შეეხება სხდომებში მონაწილეობას და უშუალოდ ამ პროცესში ჩართვას, ეს დაკავშირებულია პოლიტპატიმრების თემასთან. ეს თუ იქნება უკიდურესად აუცილებელი სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მზად ვარ, რომ პარლამენტის შენობაშიც მივიდე და ბევრ შენობაშიც. რაც შეეხება სრულფასოვნად საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას, ეს დამოკიდებულია ამ ნაბიჯებზე“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.