გიორგი ხვედელიანი - კონკრეტულ ტაქტიკურ გზებს, რომელთაც ამ კვირის განმავლობაში ნიკა მელია გადადგამს, საზოგადოება გაიგებს, მისი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ოპოზიციის ერთიანობას
12:06, 04 May, 2021
ნიკა მელია გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლითაც ხელს შეუწყობს ოპოზიციის ერთიანობას, ყველანაირად შეუშლის ხელს ოპოზიციაში დაქსაქსულობას, ამოვა იმ ინტერესებიდან, რომელიც გულისხმობს, რომ 20 ივნისის ტრაგიკული ღამის ისტორიის გადაწერა „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს, ეს არის პრინციპები, რასაც გადაწყვეტილების მიღებისას დაეფუძნება - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ხვედელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას გადაწყვეტილებას საზოგადოება კვირის განმავლობაში გაიგებს.

„კონკრეტულ ტაქტიკურ გზებს და ნაბიჯებს, რომელსაც ის გადადგამს ამ კვირის განმავლობაში, საზოგადოება გაიგებს. ის თვლის, რომ ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირმა გადადგა მისი მიმართულებით ცალსახად ნიშნავს, ევროკავშირმა აღიარა ის, როგორც პოლიტპატიმარი და გამოთქვა სურვილი გადაიხადოს გირაო. აქედან გამომდინარე, როგორ განვითარდება ტაქტიკური მომენტები უახლოეს პერიოდში გაიგებს საზოგადოება. ამნისტიის კანონთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ გაწელა პროცესი უქმე დღეების გამო. „ქართულ ოცნებას“ თუ ამ საკითხზე მუშაობა უნდოდა, არანაირი დაბრკოლება არ ექნებოდა. ჩვენი ამოცანაა, ეს პერიოდი გამოვიყენოთ მობილიზაციისთვის, საერთო პოზიციების შესაჯამებლად და საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ გადავდგამთ სწორ ტაქტიკურ და სტრატეგიულ ნაბიჯებს, დარწმუნებული ვარ, ხელს შევუშლით „ქართულ ოცნებას“, გააყალბოს და გადაწეროს ისტორია. საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ვთვლით, რომ არის საინტერესო იდეა, თუმცა პარტია როგორ ჩაერთვება, როგორ განახორციელებს მუშაობას, ეს არის ტაქტიკური ნაბიჯები, რომლებსაც ეტაპობრივად გაიგებს საზოგადოება. „ნაციონალური მოძრაობის“ უახლოესი გეგმების შესახებ ამ კვირაში გახდება ცნობილი. ჩვენ გვაქვს რამდენიმე მონახაზი და ავირჩევთ იმას, რაც იქნება სტრატეგიულად მომგებიანი, რომ ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი ინტერესების ამუშავებას და ხელი არ შევუწყოთ ივანიშვილის და მისი რეჟიმის ინტერესების რეალიზებას“, - განაცხადა ხვედელიანმა.