ნათია თურნავა - არაფერი არ არის დაგვიანებული, ყველაფერი გეგმაზომიერად ხორციელდება, განსაკუთრებით ვაქცინაციის მარკეტინგული კამპანია
13:19, 04 May, 2021
არაფერი არ არის დაგვიანებული, ყველაფერი გეგმაზომიერად ხორციელდება, განსაკუთრებით ვაქცინაციის მარკეტინგული კამპანია, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ არაფერი არ არის დაგვიანებული, ყველაფერი გეგმაზომიერად ხორციელდება, განსაკუთრებით მარკეტინგული კამპანია. ჩვენ აქ სხვა ქვეყნების პოზიტიურ გამოცდილებას ვიყენებთ და ძალიან გვიხარია, რომ პირველი შედეგები ჩანს. მაგალითად, ძალიან დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა იგივე „სინოფარმზე“. დღეიდან დაიწყო „სინოფარმით“ ვაქცინაცია, ბატონო ამირან გამყრელიძე, როგორც ამ პროცესის ფლაგმანი, უკვე აიცრა და ველოდებით, რომ ადამიანებიც, განსაკუთრებით  ბიზნესი აიტაცებს ამას. ბიზნესისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც იმიტომ, რომ შეუფერხებლად მუშაობდნენ საწარმოები, მომსახურების ობიექტები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა ფრენების აღდგენასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად კოვიდპანდემიისა, არამარტო არსებული ავიაკომპანიები აღადგენენ ეტაპობრივად ფრენებს, არამედ ახალი ავიაკომპანიები ემატება ჩვენს ავიაბაზარს. რამდენიმე ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტში იფრენს. ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ უფრო ოპტიმისტურად შევხედოთ მომავალ ტურისტულ სეზონს. ვაქცინაცია, რომელიც ყველაფერ ამას დაემატება, უფრო გაამყარებს ტურიზმის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს“, - განაცხადა თურნავამ.