ამირან გამყრელიძე - ბევრი საუბრის მიუხედავად, მაინც არის დიდი სუფრები, თავყრილობები და შესაბამისად, ვრცელდება ინფექცია
23:20, 15 May, 2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბევრი საუბრის მიუხედავად, მაინც არის დიდი სუფრები, თავყრილობები და შესაბამისად, ვრცელდება ინფექცია.

გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს, თუმცა სიტუაცია არ არის მარტივი.

„საკოორდინაციო საბჭოზე იქნება მსჯელობა რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. სიტუაცია მარტივი არ გახლავთ. დღეს 29 გარდაცვლილი ადამიანი გვყავდა. ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს ძალიან მისხალ-მისხალ.

ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის გარკვეული ელემენტი გამოჩნდა ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, ანუ არ იზრდება დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში. საკმაოდ მაღალი ტესტირების ფონზეც კი, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, დადებითობის მაჩვენებლის დაღმასვლა შენარჩუნდა. ეს კარგია, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ძალიან დეტალური ანალიზი გაკეთდეს ეპიდსიტუაციის და იმისდა მიხედვით იყოს გადაწყვეტილება მიღებული ყველა შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, შემსუბუქება უფრო სწრაფი ტემპით შესაძლებელია, როდესაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აიცრება. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 85 000 აცრა. მაისში აცრის საშუალო მაჩვენებელი დღეში 3 600 გვაქვს, რაც 2.5-ჯერ მეტია, ვიდრე იყო მარტსა და აპრილში. მაგრამ გვინდა, რომ ეს საშუალო დღიური მაჩვენებელი მაისის ბოლოსთვის იყოს 5 000-ის ფარგლებში და თანდათან აცრების ტემპი იყოს უფრო ინტენსიური. ვნახოთ, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ, მოსახლეობაში მოთხოვნა ბევრად იმატებს, ვიდრე ეს იყო მარტ-აპრილში და შესაბამისად, საჭიროა ვაქცინების სოლიდური მარაგების შექმნა, რათა ტემპი დავიჭიროთ, 5 000-6 000 აცრა ჩავატაროთ დღის განმავლობაში“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძე აცხადებს, რომ ვირუსის მესამე ტალღას არ გაუვლია და ახლა პიკში ვიმყოფებით.

„3-4 დღეა, გამოჩნდა ოდნავ ტენდენცია სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს ძალიან მცირეა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობის მატებას, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ასეთია ეპიდემიის ზოგადი ტენდენცია.

„როდესაც იზრდება ახალი შემთხვევების რიცხვი, გარდაცვალების მაჩვენებლის მატება დაახლოებით ორკვირიანი ჩანაცვლებით აგვიანებს. სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ ამ რაოდენობის ფარგლებში შეიძლება, შენარჩუნდეს გარდაცვალება. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავიცვათ რეკომენდაციები. მესმის, რთულია, ცხელა და ადამიანებს უჭირთ პირბადის ტარება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. პირბადე, აცრები და თავის შეკავება დიდი თავშეყრებისგან. მიუხედავად ბევრი საუბრისა, ეს დიდი თავშეყრები მაინც არის, მაინც არის დიდი სუფრები, დიდი თავყრილობები და შესაბამისად, გავრცელებაა ინფექციის. მესმის, რთულია, მოსახლეობას უჭირს, მაგრამ მეორე პინაზე დევს ადამიანთა სიცოცხლე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში ინდური შტამი არ არის დაფიქსირებული.

„ჯერჯერობით, არ გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ჩვენი მონაცემებითაც და სიეტლის უნივერსიტეტის მონაცემებითაც, ქვეყანაში ძირითადად ბრიტანული შტამი ცირკულირებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.