ათენში პალესტინელთა მხარდამჭერი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა
02:10, 16 May, 2021
ათენში პალესტინელთა მხარდასაჭერად შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მანამდე, საბერძნეთის დედაქალაქში ასობით ადამიანმა ისრაელის საელჩომდე მსვლელობა გამართა. აქციის მონაწილეების ნაწილს პალესტინური დროშები ეკავა ხელში. ისრაელის დიპლომატიურ წარმომადგენლობას პოლიციის კორდონი იცავდა.

15 მაისს პალესტინელები „ნაქბას“, ანუ „კატასტროფის დღეს“ აღნიშნავენ, რაც ეძღვნება 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე პალესტინელების იძულებით მასობრივ გასახლებას. ამ დღეს პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაციები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაიმართა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, ავსტრიასა და ავსტრალიაში.