დავით ზალკალიანი - ჩვენი აქტიური დიპლომატიური საქმიანობის შედეგად, ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ
23:08, 10 Jun, 2021
საქართველოს თემატიკა ნატო-ს პრიორიტეტულ დღის წესრიგში ყველა მიმართულებით განიხილება, სწორედ იმ ღირებულებებთან და ფასეულობებთან შესაბამისობაში, რომლებსაც ეფუძნება დღევანდელი საერთაშორისო დღის წესრიგი, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე კომენტირებისას განაცხადა, სადაც ასახულია განსახილველი საკითხები, მათ შორის საქართველოს თემა, უკრაინასთან ერთად ასახულია სამიტის დღის წესრიგის მეხუთე თავში (სახელწოდებით - Support rules-based international order).

დავით ზალკალიანის თქმით, ნატო-ს სამიტზე ყურადღება გამახვილდება იმ პრობლემებზე, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასთან.

„დარწმუნებული ვარ, დეკლარაციაში ასახული იქნება შესაბამისი შეფასება. ასევე, იქნება მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მან მტკიცედ დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ის აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, რაც დაკავშირებულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის სამიტზე საქართველოს მოწვევის საკითხზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრი უსაფუძვლო შენიშვნა გაჟღერდა, რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და საქართველოს საკითხი სრულფასოვნად განიხილება ნატო-ს მოახლოებულ სამიტზე, რაც მინისტრის შეფასებით, სწორედ ქართული დიპლომატიის აქტიური საქმიანობის შედეგი და დიდი წარმატებაა.

ამასთან, ზალკალიანის ინფორმაციით, დეკლარაციაში ასახული ასევე იქნება ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით ნატო-ს თითოეულ წევრ ქვეყანასთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. ასევე, ბოლო დროს განხორციელებული ვიზიტები ნატო-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მაქსიმალურად იყო გამოყენებული, რათა ეს შედეგი დამდგარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის განსხვავებული ფორმატის სამიტი, არც ერთი პარტნიორი წევრი ქვეყანა არ არის მიპატიჟებული, რადგან ეს გახლავთ მოსამზადებელი სამიტი შემდგომი, 2022 წლის სამიტისა. ჩვენ მაქსიმუმ შედეგს დავდებთ და ამას საზოგადოება იხილავს, როცა გამოქვეყნდება ნატო-ს სამიტზე მიღებული დეკლარაციები და განცხადებები“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.