მეუფე ნიკოლოზი - ქუჩაში დღესაც არიან ბავშვები და ისმის კითხვა, რატომ არავინ საუბრობს მათ უფლებებზე, რომელიც ირღვევა
00:23, 11 Jun, 2021
სოციალური მუშაკები დღეც პანსიონში არიან, ღამითაც რჩებიან, ბავშვებთან მეგობრობენ და ამ ბავშვებისთვის ვერავითარ საფრთხეს ვერ ხედავენ, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. 

„რაც შეეხება სასმართლოს გადაწყვეტილებას, მესმის, რომ ქართველები ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ ყველა ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და ვეცადოთ, რაღაცნაირად გამოვასწოროთ, თუ დარღვევები არსებობს და რამე არასწორად მიმდინარეობს. ერთმანეთს რეპუტაციული ზიანი არ უნდა მივაყენოთ. სხვათა შორის, ეს სიტყვები ამასწინათ მოვისმინე ერთ-ერთ ტელევიზიაში“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, მაშინ, როცა პანსიონთან დაკავშირებით ამხელა აჟიოტაჟია შექმნილი, ქუჩაში დღესაც არიან ბავშვები და ისმის კითხვა, რატომ არავინ საუბრობს ამ ბავშვების უფლებებზე, რომელიც ირღვევა.

„საინტერესოა, სად არის ამ დროს სახალხო დამცველი, ამ ბავშვების ინტერესი ვინ უნდა დაიცვას. აი, დავინახე ქუჩაში პატარა ბავშვი და მე, როგორც მოქალაქემ რა გავაკეთო, მივიდე და წამოვიყვანო, თუ გავიგო ვისი შვილია? ხშირად, დედები ქუჩაში ჩვილი ბავშვებით ხელში მათხოვრობენ და ბავშვებიც მათხოვრობენ და სად არის ამ ბავშვების ინტერესი, რატომ არსად არ არის? შეიძლება, მე არ ვიცი?“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ძალიან უხარია, თუ სახელმწიფომ იმისთვის მოიცალა და მონახა საშუალება, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლები დაიხუროს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით საუბარი სწორად უნდა წარიმართოს.

„დიდი ზომის ბავშვთა სახლები კი არ უნდა დაიხუროს, უნდა დანაწევრდეს, დაქუცმაცდეს და პატარა ზომის სახლებად უნდა გადაკეთდეს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტიდან და მედიის მხრიდან ხშირად ისმის, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ყოფილი ბენეფიციარები ლაპარაკობენ დაწესებულებაში არსებულ დარღვევებზე და სისასტიკეზე, რაც ნამდვილად აღმაშფოთებელია, თუ ასე იყო და ამას გამოძიება სჭირდება, რადგან ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ საინტერესოა, რატომ არავინ ლაპარაკობს იმ უამრავ ბავშვზე, რომლებმაც ეს სასწავლებელი დაამთავრეს და უამრავ კარგ რამეს ყვებიან.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეუძლია თქვას ბოლო ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც პანსიონატის ყოფილ ბენეფიციარს უკავშირდება, რომელიც აცხადებს, რომ მეუფე სპირიდონის მამხილებელი ჩვენების გამო ის, იმავე ღამეს, ხიჭაურის უნივერსიტეტის საერთო სტუდენტური თავშესაფრიდან გაუშვეს, ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი კი თავად მეუფე სპირიდონია, მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ ჩნდება ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ბავშვებთან, ვინც აცხადებს, რომ დანაშაული ხდება, მიმდინარეობს წინასწარი შეთავაზებები და მათი გადაბირება, რათა ეკლესიას რეპუტაციული ზიანი მიაყენონ.

„ეს ბავშვი, რამდენადაც ვიცი, რამდენიმე დღის იყო, როცა მოვიდა, ის გაზარდეს და მისცეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ, იქნებოდა ეს საცხოვრებელი, საჭმელ-სასმელი თუ განათლება. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ბავშვმა რატომღაც გადაწყვიტა, საკუთარ მამას (მეუფე სპირიდონს ასე ეძახიან) უჩივლოს. გამაგებინეთ, ამ ბავშვებს რას ვასწავლით? ასეთი თაობა გვინდა? ეს ბავშვი რომ გაიზრდება, კარგი, გაიუმჯობესებს პირობებს და უკეთეს პირობებში იცხოვრებს, რადგან შესთავაზეს, მაგრამ გამაგებინეთ, ვინ არის ასეთი ადამიანი, რომელიც ასეთ ასაკში ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომ პირობების გაუმჯობესების მიზნით საკუთარი მამა ასეთ რთულ ვითარებაში, როცა ასეთი ბრალდებებია, პოლიციაში დაასმინოს? გამაგებინეთ, ამისგან რა პროდუქტი უნდა მივიღოთ?“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე ნიკოლოზმა ასევე განაცხადა, რომ თუ ძალადობის ფაქტები არსებობდა, რა თქმა უნდა, ბავშვებმა ამის შესახებ პოლიციაში უნდა ილაპარაკონ, მაგრამ ტელევიზიაში ამაზე ლაპარაკი მიუღებელია.