ნიკოლ ფაშინიანი - 15 სომეხი სამხედროს გათავისუფლება პოზიტიური ატმოსფეროს იმედს იძლევა
23:43, 17 Jun, 2021
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 15 სომეხი სამხედროს გათავისუფლება პოზიტიური ატმოსფეროს იმედს იძლევა. ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ერევანში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„15 მძევლის დაბრუნება, რაც რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, იმედის აჩენს, რომ უახლოეს მომავალში მოხდება კლიმატის არსებითი ცვლილება რეგიონში. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი დატყვევებული ძმები სამშობლოში მალე დაბრუნდებიან“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე განცხადებით, „ღია კომუნიკაციას და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებას აზერბაიჯანის პროვოკაციული განცხადებები უშლის ხელს“.

ამავე გამოსვლაში სომხეთის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა სომხეთისა და ირანის ურთიერთობების სტრატეგიული მოკავშირის დონემდე გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ფაშინიანმა თავის გამოსვლაში ასევე თქვა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხი მთიანი ყარაბაღის თემასთან არაა დაკავშირებული.

„მთიანი ყარაბაღის საკითხის გადასაჭრელად ჩვენთვის მისაღებია ეუთო-ს მინსკის ჯგუფის განცხადებები, ანუ ის, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი არ არის გადაჭრილი“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე ისაუბრა სიუნიქისა და გეღარქუნიკის რაიონებში არსებულ ვითარებაზე და მოუწოდა აზერბაიჯანელს სამხედროებს, დატოვონ სომხეთის ტერიტორია.

შეგახსენებთ, რომ სიუნიქისა და გეღარქუნიკის რაიონებში ვითარება უკვე თვეზე მეტია, დაძაბულია. სომხეთში ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს და ამ დრომდე სომხეთის ტერიტორიაზე რჩებიან, რასაც ბაქოში უარყოფენ და ამბობენ, რომ მათ ხელთ არსებული რუკებით, აზერბაიჯანელი ჯარისკაცები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფებიან.