ლევან კობიაშვილი - ქუთაისის აკადემია იმერეთის და ზოგადად, საქართველოს საფეხბურთო ცენტრი იქნება #1TVSPORT
23:18, 21 Jul, 2021
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ქუთაისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმერეთის რეგიონის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს. პროექტის დეტალებს ასევე გაეცნენ ადგილობრივი ხელისუფლების, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციისა და ქუთაისის ტორპედოს წარმომადგენლები და ვეტერანი ფეხბურთელები. პროექტის მიხედვით, საფეხბურთო აკადემიაში ოთხი მოედანი მოეწყობა - ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივსაფარიანი.

ოთხივე მოედანზე იქნება განათების სისტემა, ორ მოედანზე კი ტრიბუნა მოეწყობა. აკადემიის ტერიტორიაზე დაგეგმილია საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, სადაც მოეწყობა გასახდელები, სასადილო, საკონფერენციო, სავარჯიშო და სხვადასხვა ადმინისტრაციული ოთახები. პროექტის განხორციელების შემდეგ ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ ფეხბურთის ფედერაციის იმერეთის აკადემიის 14 და 15-წლამდე გუნდები, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, მოყვარულთა და ქალთა გუნდები.

ფეხბურთის ფედერაციას მიწა აკადემიის ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა. პროექტი ფეხბურთის ფედერაციის, ფიფა-ს და უეფა-ს დაფინანსებით ხორციელდება. ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის დასრულება 2022 წლის ზაფხულში იგეგმება.
„ქუთაისში ფეხბურთის ფედერაცია მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. აქ შენდება საფეხბურთო აკადემია ოთხი სტანდარტული ზომის მოედნით, სადაც ორი ასაკობრივი გუნდი იცხოვრებს. აღნიშნული აკადემია იქნება იმერეთის და ზოგადად, საქართველოს საფეხბურთო ცენტრი. დამეთანხმებით, რომ ქუთაისს არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი გაუზრდია ეროვნული ნაკრებისა და ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას ჩვენ ქვეყანაში“, – ამბობს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.