ამირან გამყრელიძე - როდესაც იცი, რომ აცრა იცავს მილიონობით სიცოცხლეს და ამაზე უარს ამბობ, ეს არის ექიმების ეთიკური კოდექსის დარღვევა, ამას ჩემი კოლეგები არ უნდა აკეთებდნენ
14:10, 05 Aug, 2021
როცა იცი, რომ აცრა შველის ადამიანს ძალიან მაღალი პროცენტით და ამაზე უარს ამბობ, ეს არის ჩვენი, ექიმების ეთიკური კოდექსის და იმ ფიცის დარღვევა, რომელსაც სამედიცინო ინსტიტუტში ვდებთ და, რომელსაც ჰიპოკრატეს ფიცი ჰქვია, ამას ჩემი კოლეგები არ უნდა აკეთებდნენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ექიმების ვაქცინაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ყველას კარგად გვისწავლია სამედიცინო ინსტიტუტში, უნივერსიტეტში წლების განმავლობაში, ყველამ კარგად იცის, რომ აცრა, ვაქცინა და იმუნიზაცია შედის ყველაზე დიდ სამ აღმოჩენას შორის მედიცინაში, რომელმაც იხსნა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და კიდევ დაიცავს მილიონობით ადამიანს. კარგად ხედავთ, ბრიტანეთში, სადაც 60 პროცენტი აცრილია, შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, მაგრამ სიკვდილიანობა ჩამოსულია დაბლა. იგივე ხდება ისრაელში, გერმანიაში, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც 47 პროცენტი უკვე აცრილია ორჯერადად. გასაგებია, გაზაფხულზე ძლიერი დეფიციტი იყო ვაქცინების მთლიანად მსოფლიოში და მათ შორის ჩვენი ტიპის ქვეყნებში, უჭირდათ განვითარებულ ქვეყნებსაც. ახლა ქვეყანაში დევს ორი მილიონი ვაქცინა. ერთი მილიონი კიდევ შემოვა. ყველასთვის საკმარისია. გავიკეთოთ ვაქცინა და ეს დაამთავრებს პანდემიას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთდჯერადად აცრილია სამედიცინო პერსონალის 46 პროცენტი, ყველაზე ნაკლები აცრილი კი, უმცროს სამედიცინო პერსონალშია.