კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავს
14:26, 05 Aug, 2021
კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავს.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, გწერთ, რათა კვლავ გაუწყოთ, რომ ჩვენი კომპანიის მუშაობის 24 წლის თავზე საინვესტიციო და ბიზნესგარემო საქართველოში არასოდეს ყოფილა იმაზე უარესი, რისი მომსწრენიც მიმდინარე წელს გავხდით.

ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტები და მაღალი თანამდებობის პირები არ სცნობენ კანონის უზენაესობას და სასამართლოს იყენებენ როგორც იარაღს. მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკის უმძიმესი მდგომარეობისა, ეკონომიკის სამინისტრო, მის დაქვემდებარებაში მყოფი ნავთობისა და გაზის სააგენტო და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ანტიამერიკული და ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, უკიდურესად მტრულად ექცევა ამერიკულ და დასავლურ ინვესტიციებს და ძალ-ღონეს არ იშურებს ქვეყნიდან მათ უკანონოდ გასაძევებლად. ამ სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ კომპანიის თანამშრომლებზე განხორციელებული ძალადობა, დაშინება, მუქარა და შევიწროვება სამწუხარო და სახიფათო ყოველდღიურობად გვექცა.

ზემოხსენებული სახელმწიფო ორგანიზაციები არაფრად აგდებენ და შესაბამისად, არც აღასრულეს მათ მიერვე ინიცირებული სტოქჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, აგრეთვე კაიმანის კუნძულების სასამართლოს დიდი პალატის და თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების საპირისპიროდ, ძალოვანი სტრუქტურების საშუალებით, ძალის გამოყენებით, მოახდინეს კერძო საკუთრების ექსპროპრიაცია, მიითვისეს სარეალიზაციოდ გამზადებული კომპანიის კუთვნილი ნედლი ნავთობი; ახლა კი ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ეს უკანონო და კრიმინალური ქმედება დააკანონონ. ეკონომიკის მინისტრმა, ქალბატონმა თურნავამ თავის გუშინდელ საჯარო გამოსვლაში ყალბი ფაქტებისა და ჩვეული დეზინფორმაციის გავრცელების ფონზე ძალისხმევა არ დაიშურა, რომ საჯაროდაც კი ზეწოლა მოეხდინა მიმდინარე სამართლებრივ პროცესებზე. ამგვარ ქმედებებს არაფერი აქვს საერთო კანონის უზენაესობასთან, ეს არის კლეპტოკრატია.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, როგორც თქვენთვის კარგად არის ცნობილი, წლების განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია და დავასაქმეთ ათასობით ადამიანი. ვამაყობ, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციების წყალობით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში, უამრავ ოჯახს გაუჩნდა ღირსეული, კანონიერი შემოსავალი და ალბათ გახსოვთ, რომ არც თქვენ იყავით გამონაკლისი. თქვენ შესანიშნავად იცით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ინვესტიციები და რა სიკეთე მოაქვს მათ.

მოგმართავთ თხოვნით, მიიღოთ ზომები, რათა დაუყოვნებლივ აღიკვეთოს ეს უკანონობა, შეწყდეს ჩვენი კომპანიის დევნა და ძალადობა. იზრუნეთ, რომ თქვენდამი დაქვემდებარებულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა იმოქმედონ საქართველოსა და საერთაშორისო კანონებისა და ხელშეკრულების შესაბამისად, რათა კომპანიას და მის თანამშრომლებს ჰქონდეთ საშუალება იშრომონ და იცხოვრონ ღირსეულ, მშვიდ, უსაფრთხო გარემოში მათი და საქართველოს საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია წერილში.