ირაკლი ღარიბაშვილი - ექვსი თვის განმავლობაში 12,8%-ია ეკონომიკური ზრდა, რამაც მოგვცა საშუალება, 1,2 მლრდ ლარით გაგვეზარდა წლევანდელი ბიუჯეტი
14:31, 05 Aug, 2021
ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, აპრილში გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში ეს მაჩვენებელი 25,8% იყო, ივნისში - 18,7% გვქონდა ეკონომიკური ზრდა და ჯამში, 6 თვის განმავლობაში, 12,8%-ია ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანას მისცა საშუალება, ბიუჯეტის კორექტირება მომხდარიყო და 1,2 მლრდ ლარით გაიზარდა წლევანდელი ბიუჯეტი.

„შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაც და წელსვე დაიწყება საგარეო ვალის შემცირების პროცესიც“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საგარეო ვალის ნიშნული საკმაოდ მაღალია და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მომდევნო წლების განმავლობაში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებასთან ერთად.

„ვაგრძელებთ ჩვენი მთავრობის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაციებს. დღეს წარმოგიდგენთ ფინანსთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების ხედვას, მაგრამ დეტალურ პრეზენტაციამდე მინდა, მოკლე შესავალი გავაკეთო. მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, ვგულისხმობ პანდემიას და პოსტპანდემიური პერიოდი იყო და ჯერ კიდევ არის ჩვენი გამოწვევა, ვინაიდან ვაკვირდებით, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში მძიმდება. მინდა, შევახსენო მოსახლეობას, სად ვიყავით რამდენიმე თვის წინ, წლის დასაწყისში, როდესაც ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა და ვაქცინების შემოტანა საქართველოში. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყანა იყო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე, ჩვენ ძალიან დიდი დანაკლისი მივიღეთ, მთავრობას მოუწია საკმაოდ დიდი, სერიოზული ვალის აღება, კონკრეტულად პანდემიის სამართავად ჯამში 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი და ჯამურად 3 მილიარდ დოლარზე მეტი ვალის აღება მოუწია ქვეყანას გასულ წელს, რაც ბუნებრივია, იყო და არის ძალიან მძიმე ტვირთი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის და მთლიანობაში, ჩვენი მთავრობის სამართავია ეს გამოწვევა. ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს - აპრილში ჩვენ გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში ეს მაჩვენებელი 25,8% იყო, ივნისში - 18,7% გვქონდა ეკონომიკური ზრდა და ჯამში, 6 თვის განმავლობაში, 12,8%-ია ეკონომიკური ზრდა. ამან მოგვცა საშუალება, ბიუჯეტის კორექტირება მოგვეხდინა და 1,2 მლრდ ლარით გავზარდეთ წლევანდელი ბიუჯეტი. შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაც და წელსვე დაიწყება საგარეო ვალის შემცირების პროცესიც. საგარეო ვალის ნიშნული საკმაოდ მაღალია და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მომდევნო წლების განმავლობაში და ზოგადად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება და ბიუჯეტის დეფიციტის მართვა და შემცირება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.