დავით ზალკალიანი - საერთაშორისო თანამეგობრობა ადასტურებს, რომ მტკიცედ დგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე
15:22, 05 Aug, 2021
საქართველო აგრძელებს ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენებას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და ქვეყნის დეოკუპაციის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მხარდაჭერის მობილიზაციის კუთხით და უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა, რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის განხილვა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, 4 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

მისივე თქმით, სხდომის ფარგლებში საბჭოს წევრმა პარტნიორმა ქვეყნებმა გამოხატეს საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა, რომლის შემდეგაც სპეციალური განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების, აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, ესტონეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, საფრანგეთის და ალბანეთის, როგორც საბჭოს მომავალი წევრის წარმომადგენლებმა.

„ყველა მონაწილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, დაგმეს რუსეთის მიერ მიმდინარე უწყვეტი პროვოკაციები, რომლებიც პანდემიის მიუხედავად გრძელდება, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაძლიერებული სამხედრო ყოფნა და წვრთნები, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ინტენსიფიკაცია, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები. მათ მოუწოდეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ბებუა და ის მოქალაქეები, რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებული. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულებები. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საკითხი მუდმივად განიხილება საერთაშორისო ორგანიზაციების უმაღლეს ფორმატში და უშიშროების საბჭო. მოგეხსენებათ, უმაღლესი ტრიბუნაა და საერთაშორისო თანამეგობრობა ადასტურებს, რომ ის მტკიცედ დგას საერთაშორისო სამართლის ნორმების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე. საქართველოს დიპლომატიური სამსახური მომავალში გააგრძელებს ძალისხმევას ქვეყნის დეოკუპაციის საკითხის საერთაშორისო ფორმატებში მაქსიმალურად წარმოჩენის თვალსაზრისით, რათა ეს მხარდაჭერა იყოს მუდმივი და შეუქცევადი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.