ავღანეთის ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით „თალიბანის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
02:28, 15 Sep, 2021
ავღანეთის ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში „თალიბანის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

„ბიბისის“ ავღანური ბიუროს ინფორმაციით, „თალიბანის“ თანადამფუძნებელმა, მულა აბდულ ღანი ბარადარმა და ლტოლვილთა მინისტრმა, ხალილ ურ-რაჰმან ჰაქანიმ მწვავედ იკამათეს, რა დროსაც მათი მხარდამჭერების უთანხმოება ჩხუბში გადაიზარდა.

ადგილობრივი წყაროს ცნობით, კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც „თალიბანის“ მთავრობის ვიცე-პრემიერმა, ბარდარმა მთავრობის სტრუქტურის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა. უთანხმოება ასევე შეეხო საკითხს, თუ ვის უნდა მიეკუთვნებოდა „თალიბანის“ რიგებში გამარჯვება. ბარადარი ამტკიცებდა, რომ აქცენტი უნდა გაკეთებულიყო მის მიერ განხორციელებულ დიპლომატიურ პროცესზე, თუმცა „ჰაქანის ქსელის“ წევრები ამბობდნენ, რომ გამარჯვება ბრძოლით იქნა მიღწეული. ბარდარი იყო „თალიბანის“ პირველი ლიდერი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტთან პირდაპირ კომუნიკაციაში შევიდა და 2020 წელს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. მულა აბდულ ღანი ბარადარი ბოლო დღეების განმავლობაში საჯაროდ აღარ გამოჩენილა. „თალიბანის“ წევრები აცხადებენ, რომ ბარადარი ყანდაარში გაემგზავრა.