ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი მსჯავრდებულია უმძიმეს დანაშაულებებზე, ჩამოვიდეს ნებისმიერი კონგრესმენი, პარლამენტარი, დამიჯდეს და გვითხრას, რომ ეს ადამიანი არ უნდა შევიდეს ციხეში
00:27, 29 Sep, 2021
საზოგადოების დაახლოებით 80 პროცენტი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წინააღმდეგია, პოლიტიკოსი და მმართველი შეიძლება, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ როცა მმართველის მიმართ ზიზღი და აგრესია გაქვს, ეს სამუდამოდ რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში სახელმწიფო კანონის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას და ეს არასერიოზული კაცი შევა ციხეში. მისივე თქმით, სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ერთადერთი გეგმა აქვს - კანონის აღსრულება. „ჩვენ აქ კომპრომისს არ ვუშვებთ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში არც ერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი მსჯავრდებულია უმძიმეს დანაშაულებებზე, როგორიც არის გირგვლიანის საქმე, ვალერი გელაშვილის მკვლელობის შეკვეთა და ყველას, ვინც ასეთ დანაშაულებში მხილებული და მსჯავრდებულია, ადგილი არის ციხეში.

ამასთან, ღარიბაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა ფული არ მისცა თავის გუნდს და პრაქტიკულად უფულოდ ჩაატარებინა მთელი საარჩევნო კამპანია. როგორ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილის გუნდში არავის სჯერა, რომ ჩამოვა და თავადაც ამბობენ, რომ ეს არის მორიგი ტყუილი.

„სააკაშვილის განცხადებით ხდება მობილიზება, რომ მეტი ამომრჩეველი მივიდეს უფულოდ. რატომ უფულოდ - მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა უარი უთხრა საკუთარ პარტიას. შიდა საუბრებიდან ვიცით, მისი ნათქვამი იყო, რომ აზრი არ აქვს ამ არჩევნებში დიდი ფულის ჩადებას, რადგან მაინც რა უნდა შეიცვალოს, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და მან ფული არ მისცა, მოპარული ფული არ მისცა საკუთარ გუნდს. რამენაირად რომ აეხსნა, კომპენსირება გაეკეთებინა საკუთარი გუნდის თვალში, რომ ისევ დარჩენილიყო ლიდერად, მელიას არ ჩამოერთმია პარტია და ლიდერობა ბოლომდე, ეს მორიგი იაფფასიანი ფანდი გაათამაშა. ინფორმაცია რომც არ მქონდეს, ძალიან მარტივად იკითხება ამ პრიმიტიული ადამიანების ქმედებები და მეორე - დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, საკუთარი გუნდის წევრები, მათ შორის მელია არის წინააღმდეგი სააკაშვილის ამ პროვოკაციული ქმედების. უფრო მეტს გეტყვით, არავის სჯერა და მასაც არ სჯერა, რომ ჩამოვა, თვითონაც ამბობენ, რომ ეს არის მორიგი ტყუილი, ვინაიდან მან ფული არ მისცა თავის გუნდს და პრაქტიკულად უფულოდ ჩაატარებინა მთელი საარჩევნო კამპანია, სწორედ ამ მიზნით თქვა, რომ ჩამოვა, და ჩამოვიდეს, რას იმუქრება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, „25, თუ 27%-დან, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მყარად, რეალურად მათი ამომრჩეველი არის მაქსიმუმ 7-10%, დანარჩენი განაწყენებული, პროტესტული ამომრჩეველია, რომელიც უბრალოდ რაღაცას ითხოვს და თავად არ იცის, რას, არ მოსწონს ხელისუფლება და მუდმივად რაღაცას აპროტესტებს“.

„მე ვიმყოფები ტელევიზიაში, რომელიც დარბეული არის, თქვენ, ყველა დაგარბიეს. თუ ამ 27%-დან,  ვიღაცას ისევ უნდა სააკაშვილების, ახალაიების, კოდუების, მერაბიშვილების, კეზერაშვილების, უგულავას, ბოკერიების და ამ მართლაც კრიმინალი ადამიანების მმართველობა, მაშინ, კი ბატონო, დაუჭირონ მხარი, ოკუპაციის დაკანონება თუ სურთ, კი ბატონო, მათი არჩევანია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.