სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს წევრი ქვეყნების ქალ ელჩებს შეხვდა
21:48, 13 Oct, 2021
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეუთო-ს წევრი ქვეყნების ქალ ელჩებთან შეხვედრა გამართა და გამოფენა „ქალები მშვიდობისთვის“ დაათვალიერა, რომელიც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველ ლაურეატ ქალს, ავსტრიის სამშვიდობო საზოგადოების დამფუძნებელსა და მწერალს, ბერტა ფონ ზუტნერს ეძღვნებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა და ქალ ელჩებს საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებული საფოსტო მარკა „ბერტა ფონ ზუტნერი“ საჩუქრად გადასცა და სიტყვით მიმართა.

„საკმაოდ სიმბოლურია დღეს აქ ყოფნა, რადგან ეუთო-ს ჰყავს ქალი გენერალური მდივანი, ამავდროულად, ჩვენ ვიხსენებთ ნობელის მშვიდობის პრემიის პირველ ლაურეატ ქალს, ბერტა ფონ ზუტნერს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან, რადგან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ჩვენს ქვეყანაში. ვმუშაობ პროექტზე, რომ თბილისში ეუთო-ს მხარდაჭერით ჩატარდეს კონფერენცია ქალი ლიდერების მონაწილეობით კონფლიქტის გადაჭრის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ეს არის ის, რასაც ქალთა საზოგადოებისა და კავშირებისგან მეტი ძალისხმევა სჭირდება. ბერტა ფონ ზუტნერი იყოს ამ მიმართულებით ჩვენთვის, როგორც ქალი ლიდერებისთვის ჩვენი მუშაობის სიმბოლო და მოდელი, რომელიც ინსპირაციას მოგვცემს“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ეუთო-ს გენერალური მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სტუმრობისთვის და ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენის მოწყობისთვის.

„მოხარული ვარ თქვენი მასპინძლობით, რადგან თქვენ ხართ ქალი ლიდერისა და მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ქალთა ჩართულობის ნათელი მაგალითი. მადლიერი ვარ ამ გამოფენისათვის, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ გავიხსენოთ ლიდერი ქალი“,- განაცხადა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა შმიდმა.