ზურიკო დავითაშვილი - კოსოვოში ყველანაირი ზეწოლა გადავლახეთ [ვიდეო] #1TVSPORT
23:47, 13 Oct, 2021
ზურიკო დავითაშვილი კოსოვოსთან მატჩის გმირი გახდა. პრიშტინაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში მოედანზე 72-ე წუთზე შესულმა შემტევმა ნახევარმცველმა ზუსტად 10 წუთში შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. 20 წლის დავითაშვილმა ირაკლი აზაროვის გადაცემით ისარგებლა და ზუსტი თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1 საქართველოს სასარგებლოდ.
„სამი ქულის მოპოვება ძალიან გვჭირდებოდა. საბედნიეროდ, ყველანაირი ზეწოლა გადავლახეთ და ძალიან რთულ თამაშში გავიმარჯვეთ“, - ამბობს ზურიკო დავითაშვილი.


იგი ყველა ასაკობრივ ნაკრებში ლიდერი იყო და მცირე ასაკის მიუხედავად, ეროვნულ ნაკრებში უკვე 12 მატჩი ჩაატარა. თავიდან გახსნა უჭირდა, შედეგიანობით კი თავი მხოლოდ ბოლო დროს გამოიჩინა - ჯერ ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩში გაიატანა, კოსოვოსთან კი ანგარიშზე მეორე გოლი ჩაიწერა.
„რა თქმა უნდა, გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა. ყველანი ძალიან გახარებული ვართ და იმედი გვაქვს ასე განვაგრძობთ“, - იმედოვნებს 20 წლის ფეხბურთელი.