კახა კალაძე - გამოვიარეთ წლები, როდესაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ვიწროპოლიტიკური ინტერესები ერთვებოდა, უმძიმესი შედეგი მივიღეთ, რეჟიმი ჩამოყალიბდა, ყველაზე მნიშვნელოვანია, დავიცვათ კანონის უზენაესობა
17:55, 26 Oct, 2021
ჩვენ გამოვიარეთ წლები, როდესაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებში არა კანონი, არამედ ადამიანური ფაქტორი, ვიწროპოლიტიკური გადაწყვეტილებები ერთვებოდა და უმძიმესი შედეგი მივიღეთ, რეჟიმი ჩამოყალიბდა, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დენიელ ფრიდის განცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ყველაზე მაღლა დგას კანონის უზენაესობა.

„საუბარი არ არის ვიწროპარტიულ ინტერესებზე, რა სჭირდება „ქართულ ოცნებას“ და რა არის „ქართული ოცნებისთვის“ კარგი. მთავარია, ქვეყნისთვის რა არის მნიშვნელოვანი და ქვეყანას რა სჭირდება. ჩვენ გამოვიარეთ წლები, როდესაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებში არა კანონი, არამედ ადამიანური ფაქტორი, ვიწროპოლიტიკური გადაწყვეტილებები ერთვებოდა და უმძიმესი შედეგი მივიღეთ, რეჟიმი ჩამოყალიბდა. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანია, დავიცვათ კონსტიტუცია, კანონი და ყველას ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე მაღლა დგას კანონის უზენაესობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, კახა კალაძემ აღნიშნა: „პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება მიხეილ სააკაშვილს, რადგან მისთვის არავის დაუძალებია შიმშილობა, რადგან საკვებიც არის, პროდუქტებიც არის, შეუძლია მიიღოს, თუ რაიმე საჭიროება იქნება იმისთვის, რომ მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია, ეს ნაბიჯი აუცილებლად გადაიდგმება და მიეხედება ისე, როგორც სხვა დანარჩენ პატიმრებს“.

დენიელ ფრიდნმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ არასდროს არის კარგი, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებულია.

„არ მომწონს, რომ სააკაშვილი უცებ პარაშუტით ჩამოფრინდა და გადაწყვიტა, ცხენზე ამხედრებული მოვლენოდა ქვეყანას, მაგრამ მეორე მხრივ, არის მისი ადგილი ნამდვილად ციხეში? მისი ციხეში ყოფნა „ქართულ ოცნებას“ ვნებს, - განაცხადა დენიელ ფრიდმა.