ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, განსაკუთრებული ვართ უვადო მწვანე პასპორტით და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან
13:30, 25 Nov, 2021
საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, განსაკუთრებული ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო მწვანე პასპორტით და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში ალბათ არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ.

მინისტრის განმარტებით, საქართველოში გარკვეულ დაწესებულებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში პასპორტის ვარგისიანობის ვადა არის 6 თვე.

ამავდროულად, ტიკარაძის განცხადებით, პირადად მას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს.

„ზოგადად, საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არსად არ არის, ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებული ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებული ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო პასპორტით და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან. თითოეული მათგანი ვართ ქართველი და არამგონია, ვინმეს ეს უკვირდეს. ჩვენ გვაქვს ყველას ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება. მე პირადად მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს. თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით მარტივია, გაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში ეს რატომღაც დღემდე უფრო რთულია. აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული, სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში ალბათ არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ, საქართველოში გარკვეულ დაწესებულებებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში ჩვენ დაგვჭირდება, გამოვიყენოთ ის ბაზა, რომელსაც საქართველო წარმატებით დაუერთდა და იქ ამ პასპორტის ვარგისიანობის ვადა არის 6 თვე.

ეს ყველაფერი არის გამოწვეული იქიდან, რომ ჩვენ გვესაჭიროება მოქნილობა ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებასთან მიმართებაში. ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს, ასევე დავაკვირდებით საზოგადოების აღქმას და დამატებით გადაწყვეტილებებს კიდევ მივიღებთ საბჭოზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.