ქეცბაია კონფერენს ლიგაზე უკეთეს შედეგებს ელოდა - შესაძლოა, მეტოქეები სათანადოდ არ შევაფასეთ #1TVSPORT
13:05, 25 Nov, 2021
ლარნაკაში გამართულ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ მოუწოდა გულშემატკივრებს, მხარი დაუჭირონ „ანორთოსისს“ კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო საშინაო მატჩში, სადაც კვიპროსის თასის მფლობელი ბელგიურ „გენტს“ შეხვდება. ქართველმა მწვრთნელმა მეტოქეს ჯგუფში საუკეთესო გუნდი უწოდა.
„ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს ჯგუფში საუკეთესო, უმაღლესი დონის გუნდი. რთული თამაში გველოდება, მაგრამ ამ ტურნირზე ადვილი შეხვედრა არც გვქონია, თუმცა სიფრთხილის შემთხვევაში მეტი ქულის მოპოვება შეგვეძლო. ვიმედოვნებთ, რომ გულშემატკივრები გუნდის მხარდასაჭერად მოვლენ, რათა გამარჯვებას ერთად მივაღწიოთ“, - ამბობს თემურ ქეცბაია.

ფამაგუსტელთა მთავარმა მწვრთნელმა „ანორთოსისის“ ფინანსური მოტივაციაც ახსენა და აღნიშნა, რომ გამარჯვებისთვის დაწესებული ბონუსი (500 ათასი ევრო) „ანორთოსისისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია.
„თუ ვიტყვით, რომ ფული არ გვაინტერესებს და მოგება მხოლოდ მორალურ სიამოვნებას მოგვანიჭებს, ტყუილი იქნება. მოგების შემთხვევაში ფინანსურადაც ძალიან დიდ დივიდენდებს მივიღებთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

ქეცბაიას თქმით, კონფერენს ლიგაზე უკეთესი შედეგების იმედი ჰქონდა.
„თავიდანვე ბევრად უკეთეს შედეგებს ველოდით. შესაძლოა, სათანადოდ არ შევაფასეთ გუნდები, რომელთა წინააღმდეგაც თამაში გვიწევდა. სამწუხაროდ, კვიპროსის ჩემპიონატშიც მეტოქეთა დაუფასებლობის თუ შეუფასებლობის პრობლემები გვაქვს. მაგრამ გუნდში იმიტომ ვართ, რომ ვითარება გავაუმჯობესოთ და „ანორთოსისი“ წინ წავიდეს“.