ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ ხვალ იყოს სასამართლოში, მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ დღეს
22:26, 28 Nov, 2021
გორის სამხედრო ჰოსპიტალი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა დატოვა. ნიკოლოზ ყიფშიძე კლინიკაში ხუთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ხვალ სასამართლო პროცესზე დასასწრებად ემზადება.

„ბატონი პრეზიდენტი მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ დღეს და ხვალ თვითონ იხილავთ ყველა, როგორაა ის. ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ ხვალ იყოს სასამართლოში. ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა თვითონ მოუთმენლად ელოდება, რომ ხვალ შეხვდეს ქართველ ხალხს და თქვას თავისი სიტყვა. ემზადება, რომ ხვალ გამოვიდეს სასამართლოში. სიგნალის ჩამხშობზე მე ვერაფერს გეტყვით, არ ვარ მაგის სპეციალისტი. მანქანები დგას. თავადაც არაფერი უთქვამს. რადიოტალღური გამოსხივება ზოგადად ნამდვილად საშიშია ადამიანის ორგანიზმისთვის“,- განაცხადა ნიკილოზ ყიფშიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ჩალაძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს. ჩალაძის თქმით, მისი გამოსხივება სულ მცირე 100 მეტრის რადიუსით სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს.