აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ​იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა დასრულება 2022 წელს იგეგმება
11:36, 28 Jan, 2022
აჭარის მთავრობაში მიმდინარე წლის პირველი სხდომა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა დასრულება წელს იგეგმება.

„2022 წელს დასრულდება ყველაზე მასშტაბური სოციალური პროექტი - ე.წ. ოცნების ქალაქის პირველი ეტაპი, სადაც 582 ოჯახი მიიღებს ბინას. უკვე მიმდინარეობს მშენებლობის მეორე ეტაპისთვის საჭირო პროცედურები.

ქედაში დასრულდა სოციალური სახლის მშენებლობა და რამდენიმე დღეში 20 ოჯახი უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას.

ექსპლუატაციაში შევა მყარი ნარჩენების მართვის ობიექტი ქობულეთში, დაიწყება ბათუმის ნაგავსაყრელის დახურვისთვის საჭირო პროცედურები“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისი თქმით, წელს აჭარის სოფლებსა და დაბებში წყლის სისტემის განვითარებისთვის 22 მლნ ევრო დაიხარჯება და წელსვე, კურორტ გოდერძიზე დასრულდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა.

„ასევე წელს ბათუმს შეემატება ახალი სპორტული კომპლექსი, დასრულდება ჩაქვის ძალოსნობის ბაზა და შუახევის სტადიონის რეკონსტრუქცია. გარდა ამისა, განხორციელდება სარაგბო ბაზების, სპორტული დარბაზებისა და კომპლექსების მშენებლობა ქობულეთში, ბათუმში, ღორჯომში, ჩაქვში, ხუცუბანსა და ფურტიოში“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისის განვითარება 2022 წლის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი თქმით, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები.

„ისპანის ტორფნარზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იწყება. ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. იწყება ხიხანის ციხეზე მისასვლელი ტურისტული ბილიკის მშენებლობა და გრძელდება ხიხანის ციხის აღდგენა-რეაბილიტაცია. ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარას 100-ზე მეტი ტურისტული ობიექტი შეემატა. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნა ახალი სასტუმროები, კოტეჯები, გლემფინგები, კვების ობიექტები. სრულდება მაჭახლის ეთნოსოფლის მშენებლობა, დასრულდება კავიანის ველობილიკის მოწყობა“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძემ შეაჯამა ასევე გასული ციტრუსის სეზონიც. მისი თქმით, აჭარიდან 38 ათასი ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა. მიმდინარე სეზონზე მუშაობდა ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი 30-მდე საწარმო.