„სიენენი“ - სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენმა ვლადიმირ ზელენსკის უთხრა, რომ თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის „აშკარა შესაძლებლობა“ არსებობს
11:57, 28 Jan, 2022
ჯო ბაიდენმა ვლადიმირ ზელენსკის უთხრა, რომ თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის „აშკარა შესაძლებლობა“ არსებობს, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს „უფრო მშვიდი განცხადებების“ გაკეთებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინული დაზვერვა საფრთხეს განსხვავებულად ხედავს. ზელენსკის თქმით, პანიკას ეკონომიკაზე ექნება გავლენა. პარალელურად, უკრაინის მთავრობის ერთ-ერთმა წევრმა „სიენენს“ უთხრა, რომ ზელენსკისა და ბაიდენის სატელეფონო საუბარმა „კარგად არ ჩაიარა“, რასაც თეთრი სახლი არ ეთანხმება.

„ანონიმური წყაროები სიცრუეს ავრცელებენ“, - აღნიშნა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ემილი ჰორნიმ.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ვლადიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე არის „საშიში, მაგრამ ორაზროვანი“ და დარწმუნებული არ არის, რომ თავდასხმა მოხდება.

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი საათი და 20 წუთი გრძელდებოდა.