მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის მიზანია, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი ვერ შედგეს და ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსული საქმე გაკეთდეს
11:39, 28 Jan, 2022
ოპოზიციის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ესკალაცია იყოს საქართველოში, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი ვერ შედგეს და ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსული საქმე გაკეთდეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის ნაწილზე, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი რეზოლუციის ტექსტის ხელმოწერას არ აპირებს და მას აკრიტიკებს.

„ამ საკითხის ირგვლივ არავითარი საფუძველი არ არსებობს ისეთი განცხადებებისთვის, რომელიც თავისი შინაარსით სპეკულაციურია, ხშირ შემთხვევაში. მთავარ ამოცანად და მიზნად ისახავს იმას, რომ რამენაირად დესტრუქციის ახალი მუხტი გააჩინოს ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომლის ირგვლივაც შესაძლებელი იყო საყოველთაო კონსენსუსის გამოძებნა. ამის მცდელობები, როგორც ჩანს, კიდევ იქნება, რომ რაღაცნაირად განხეთქილების გარკვეული მიზეზები შემოტანილიყო ამ სივრცეში, მაშინ, როდესაც ობიექტურად ამის არავითარი საფუძველი და საჭიროება არ არსებობს. რეალურად, საქართველოს პარლამენტი იქნება ერთ-ერთ პირველ სახელმწიფოთაგანი, რომლის პარლამენტიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს იმ საფრთხეებისგან დასაცავად, რომელიც მას შეიძლება, ემუქრებოდეს. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ესკალაციის თავიდან არიდება და იმ ვითარების მაქსიმალურად განმუხტვა, იმ საფრთხისა, რომელიც ემუქრება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ზოგადად, ცივილიზებულ კაცობრიობას. რაც მეტი მოქალაქე გამოხატავს თავისებურად პოზიციას, ეს გასაგებია, მაგრამ სინამდვილეში, ამ ადამიანების მიზანი არის არა ის, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს იმ რისკის თავის არიდებისთვის დოკუმენტის მიღებას, რომელიც უკრაინას რისკ-ფაქტორებს აარიდებს, არამედ ამათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ესკალაცია იყოს საქართველოში, ეს პროექტი ვერ შედგეს და ნებსით თუ უნებლიეთ, ამით რუსული საქმე გაკეთდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, რეზოლუციის ტექსტი ზედმიწევნით გამართულია და ორიენტირებულია რისკისა და საფრთხეებისგან თავის არიდებისკენ.

„როდესაც ადამიანებს ვარწმუნებთ, რომ კონკრეტული მხარეების არჩაწერა, ესკალაციისკენ ნაბიჯების კიდევ არგადადგმა წარმოადგენს ცუდ ნაბიჯს საქართველოს მხრიდან და ანტიდემოკრატიული განცხადებების გაკეთება აბსოლუტურად მტკნარი სიცრუეა, ეს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ფუჭი მცდელობაა.

ამ რეზოლუციის მიღება რეალურად იმ საფრთხეების თავიდან აცილებისკენ გადადგმული ნაბიჯია. აბსოლუტურად გააზრებული და ყველა სიტყვა აწონილ-დაწონილია რეზოლუციაში, რომელიც ინიცირებულია. ამის მიღმა ნებისმიერი სპეკულაცია ნებისმიერი თვალსაზრისით ნონსენსი და აბსურდია.

კონკრეტული სახელმწიფოს დასახელება და არდასახელება არ შეიძლებოდა გამხდარიყო საჯილდაო ქვა ოპოზიციის მხრიდან. ტექსტი ზედმიწევნით გამართულია და ორიენტირებულია იმ რისკისა და საფრთხეების თავიდან არიდებისკენ, რომელიც მთავარი რისკ-ფაქტორია. ცოტა უპასუხისმგებლოდ გამოიყურება ოპოზიციის მცდელობები, ინსინუაციებს დაუთმოს ძალიან დიდი ადგილი. რეალურად, იმიზეზებენ იმას, რომ საქართველოში არ შედგეს კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით. თორემ იმ დოკუმენტს არაფერი დაეწუნება და არაფერი აქვს ისეთი, რის გამოც ოპოზიციამ მას მხარი არ დაუჭიროს. რას უწუნებენ დოკუმენტს, გაუგებარია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.