ანჯეი დუდა აცხადებს, რომ გაყინული რუსული სახსრები უკრაინის ომის შემდგომ აღდგენას უნდა მოხმარდეს
19:39, 22 May, 2022
უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქცია უნდა მოხდეს გაყინული რუსული სახსრებით, მაგრამ ასევე საჭიროა სპეციალური პროგრამები ევროპიდანაც, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უნდა შეიქმნას პროგრამები, რომლებიც მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლიო შეშფოთებულია უკრაინის ბედზე და მის განვითარებაზე. გასაგებია, რომ უკრაინა დამპყრობლის, რუსეთისგან მიღებული რეპარაციებით უნდა აღდგეს. უნდა იქნას გამოყენებული სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტში გაყინული რუსული სახსრები“, - აღნიშნა დუდამ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის დახმარების მართვისთვის სხვადასხვა პროგრამაა საჭირო.

„მე ვისაუბრებ ამაზე ზეგ, დავოსში, სადაც უკრაინის საკითხი იქნება დომინანტი“, - დაამატა დუდამ.