ვოლოდიმირ ზელენსკი - ვფიქრობთ, უკრაინა ევროკავშირში აუცილებლად გაწევრიანდება, ივნისში ველოდებით კანდიდატობას
19:58, 22 May, 2022
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აქვს მოლოდინი, უკრაინა ივნისში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდება.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონელ კოლეგა ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, არავის ესმის ისე ნათლად, როგორც ჩვენს ახლო მეგობრებს, პოლონელებს, რომ უკრაინა დიდი ხანია, ევროკავშირშია და დიდი ხანია, ევროპის ნაწილია. და მართლაც, ღირებულებების თაობაზე ხმამაღალი სიტყვების გარეშე, ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ, ვფიქრობთ და გვჯერა, და ჩვენ ნამდვილად ვიცავთ ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ოფიციალური წევრობის მოსაპოვებლად საჭიროა ბიუროკრატიული და ტექნიკური საკითხების გავლა, რომლის დასაძლევად უკრაინელებს ძლიერი ელჩები სჭირდებათ. ზელენსკიმ პოლონეთს ერთ-ერთი ასეთი ელჩი უწოდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებლად მოხდება. ივნისში ევროკავშირის კანდიდატობას ველოდებით“, - დასძინა ზელენსკიმ.