უკრაინის არმიის ცნობით, დონბასში რუსეთმა ბოლო ერთ დღეში 45 დასახლებული პუნქტი დაბომბა, რასაც შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
00:04, 23 May, 2022
დონბასში რუსეთმა ბოლო ერთ დღეში 45 დასახლებული პუნქტი დაბომბა, რასაც შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. ინფორმაციას მედია უკრაინის არმიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთმა სხვადასხვა ტიპის შეიარაღების გამოყენებით გასული დღე-ღამის განმავლობაში გაანადგურა და დააზიანა 116 სამოქალაქო ობიექტი.

უკრაინის არმიის ნაწილებმა დონბასში ბოლო ერთ დღეში რუსეთის 11 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს მოწინააღმდეგის ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და „სუ 25“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი.

პარალელურად, უკრაინული მედია საჰაერო სარდლობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით იერიში მიიტანა ჟიტომირის რეგიონის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. უკრაინის საჰაერო სარდლობის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაანეიტრალეს.